ახალი ამბები
მერეთელ ახალგაზრდას, რომელიც ცხინვალში ნახევარძმას ეძებდა, 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს
დღეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მერეთელ, 25-წლის ახალგაზრდას 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, 1993 წელს დაბადებულ მამაკაცს ე.წ. საზღვრის განმეორებით დარღვევა ბრალდება. რუსეთის სამხედროებმა ის მეორედ 2018 წლის 20 ივნისს საღამოს 18 საათზე წაიყვანეს.

ცხინვალის მედიის ცნობით, მერეთელი ახალგაზრდა ერთი თვის წინ, მაისში ჰყავდათ დაკავებული, რა დროსაც ჯარიმა დააკისრეს და ,,ქვეყნიდან" გააძევეს. ამჯერად კი, დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დაკავებულ ახალგაზრდას სახლში ბებია და ბიძა ჰყავს. ის სოფელ ქსუისის (ცხინვალის რაიონი) სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა შენიშნეს. მერეთში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ცხინვალის მხარეს ნახევარძმის სანახავად წავიდა.

,,მე შევხვდი მისი ოჯახის წევრებს. მოვიკითხე ამ ბიჭის ამბავი. ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები აქვს. ამბობდა ხოლმეო, რომ ჩემი ნახევარძმა უნდა მოვძებნო ცხინვალში და ვნახოო. მამამისი რუსეთში ცხოვრობდა, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. ნახევარძმა ნამდვილად ჰყავს. სხვა დეტალებს ალბათ გაარკვევენ შესაბამისი სამსახურები," - ამბობს მერაბ მახარაშვილი, საკრებულოს წევრი მერეთიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები