ახალი ამბები
,,საქართველო დღეს" - საუბრები გორის დემოკრატიის სკოლაში
გორის დემოკრატიის სკოლაში, ბოლო ერთი თვის მანძილზე დედაქალაქში ჩატარებული საპროტესტო გამოსვლებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, დისკუსია გაიმართა. აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით, დემოკრატიის სკოლაში ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

,,ბოლო თვეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს და ანალიზს ითხოვს. აქციები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, რასაც დედაქალაქის ღამის კლუბებში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები და შედეგად კლუბების დახურვა დაედო საფუძვლად; კამპანია #ნუმომკლავ, რომლის იდეაც სამართლიანობის აღდგენა და მართლმსაჯულების სისტემაში სისტემური ცვლილებების გატარებაა; თბილისის მეტროს თანამშრომლების გაფიცვა ღირსეული სამუშაო პირობებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით, რომელსაც პირდაპირი შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ხაზი გაუსვა დასაქმებულთა ძალას მათი უფლებების დაცვის კუთხით, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა ერთად აღებული, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის გადადგომით დასრულდა, ერთგვარად ახალ რეალობას ქმნის საქართველოში." - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

საკითხები, რომლის შესახებ მონაწილეებმა ისაუბრეს, მოიცავდა შემდეგ კითხვებს: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, როგორია ამ პროცესებში დემოკრატიული აქტორების - ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების როლი? მიანიშნებს თუ არა ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდაზე და ოპოზიციური პარტიების როლის ცვლაზე? რა ტიპის გაგრძელება/დასასრული შეიძლება ჰქონდეს მსგავს გამოსვლებს და როგორ აისახება ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებაზე?

Print

სტატიის გამოყენების პირობები