ახალი ამბები
ცხოველების მოშენების წესი ხაშურის მუნიციპალიტეტში
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 ივნისის დადგენილების მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების - ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი დამტკიცდა. 

აღნიშნული წესი ადგენს ძაღლისა და კატის ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

,,წესის მიღების მიზანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა." - აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილების ერთ-ერთი მუხლი ცხოველების მოშენების წესს ეხება. დადგენილების მიხედვით:

1. ცხოველების მოშენება უნდა იყოს მიზნობრივი, გეგმაზომიერი და წინასწარ განსაზღვრული.
2. ყველა პირი, რომელიც ეწევა სელექციას ცხოველთა გამრავლების მიზნით, პასუხისმგებელია ცხოველისა და მისი კეთილდღეობის მახასიეთებლებზე, რათა რისკის ქვეშ არ დააყენოს ნაყარის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
3. აკრძალულია ცხოველების გამრავლება შემდეგი დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში: დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი-გენეტურისნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი, ასევე პოპულაციური კონტროლის მიზნით აკრძალულია 2 წლამდე და 6 წელს ზემოთ და წელიწადში ერთზე მეტად ცხოველების გამრავლება.
4. აკრძალულია სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება, ერთი სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება დასაშვებია მხოლოდ სელექციურ წესებს დაქვემდებარებული ჯიშების შემთხვევაში.
5.ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ცხოველების კომერციულ მოშენებას და მათ პერმანენტულ რეალიზაციას, სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდნენ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები