ახალი ამბები
,,დირექტორს და 5 მასწავლებელს სკოლიდან მოსახლეობა აძევებდა"

 

ფოტოზე: სკოლის ყოფილი თანამშრომელი მარინა ინდუაშვილი.

 

,,2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნება" მოვიდა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეიკრიბა და სკოლიდან ამ რამდენიმე ადამიანის განდევნა მოინდომა. ცირა ჩაერია საქმეში და ხალხს შეუშალა ხელი. გაჩერდით ხალხო, მაგის დრო არ არის. ტელევიზიით ერთი კვირის წინ ვნახე ჩვენი სკოლის ამბები; რომ თურმე მას სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. არჩევნების შემდეგ ორი წელი როგორ იმუშავა,  თუ მართლა პოლიტიკურ დევნას განიცდის?" - აცხადებს სკოლის სამეურნეო ნაწილის ყოფილი თანამშრომელი მარინა ინდუაშვილი. მისი თქმით, სკოლა თავის დროზე მარინა ნადირაშვილის ,,პოლიტიკის" გამო დატოვა.

 

,,იმ პერიოდში მთელი ჩემი ოჯახი ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო. ეს ძალიან კარგად იცოდა. გორში ნაციონალებს მიტინგი უნდა ჩაეტარებინათ და მომთხოვა 5 ადამიანის პირადობის მოწმობა. ეს ხუთი ადამიანი ნაციონალების მიტინგზე უნდა წამეყვანა გორში. რა თქმა უნდა, ეს არ გავაკეთე. სულ 50 ლარს ვიღებდი ხელფასს და დაჟინებით მთხოვდა, რომ შაბათ-კვირასაც მემუშავა. რადგანაც მე მასთან მუშაობა არ მინდოდა, წამოვედი სკოლიდან. არც კი მოვუკითხივარ, პირიქით, ამით მოხარული დარჩა" - იხსენებს მარინა ინდუაშვილი.

 

სკოლის დირექტორის მარინა ნადირაშვილის განცხადებით, მისი მუშაობის პერიოდში, სკოლა და პედკოლექტივი  პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობდა. ..საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამიტომ ვთხოვდი, რომ ჩემი თანამშრომელი მარინა ინდუაშვილი, სამუშაო საათებში, ბოლომდე დარჩენილიყო სკოლაში. სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა სკოლა და აღარ გამოცხადდა. იძულებული გავხდი, მის მაგივრად სხვა მიმეღო სკოლაში" - აცხადებს მარინა ნადირაშვილი, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები