ახალი ამბები
ერთი დღე ცხინვალის იზოლატორში
სოფელ დირბის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე (ოხანაშვილი) რუსეთის სამხედროებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც სოფელ მუგუთის სალოცავთან იმყოფებოდა. მუგუთი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. სალოცავი კი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის წმინდა გიორგის ეკლესიასთანაა ახლოს. დვანის ეკლესიასა და მუგუთის სალოცავს შორის მწვანე ბანერია, რომელიც არაღიარებულ საზღვარს აღნიშნავს.

,,როგორც ჩანს, მუგუთელები ამ სალოცავთან მიდიან-ხოლმე, რადგან ვერ ახერხებენ დვანის ეკლესიაში მისვლას. იმ ეკლესიაში, რომლის გარშემო საფლავები აქვთ. რატომ არ უნდა მიდიოდნენ ისინი დვანის ეკლესიაში და მოინახულონ თავიანთი წინაპრების საფლავები?“ - ამბობს სასულიერო პირი, რომელთანაც ინტერვიუ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჩაწერა.

მამა იოანე 2018 წლის 5 ივნისს დილით დვანის ეკლესიაში ფეხით ავიდა. მოლოცვის შემდეგ, მუგუთის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება გადაწყვიტა. მას ყოველთვის სურვილი ჰქონდა, რომ ეს მხარე მოენახულებინა:

,,ყოველთვის გინდა, რომ საზღვრები გაიფართოვო და უფრო მეტ ადამიანს უთხრა ქრისტეს ჭეშმარიტების შესახებ. როცა დირბში მეუფის ლოცვა-კურთხევით ჩამოვედი, ძალიან ცოტა ეკლესია-მონასტერი იყო მოქმედი. დღეს, მხოლოდ, დირბში 4 მოქმედი ეკლესიაა. ამიტომ, გამიჩნდა სურვილი, რომ ის ეკლესიებში დავიწყო ლოცვა-კურთხევა, რომელიც გამყოფი ხაზის მიღმაა დარჩენილი.“ - ამბობს მამა იოანე.

მუგუთის სალოცავთან რუსეთის სამხედროებმა შეამჩნიეს. მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო, ცხინვალში უნდა გაყვეს.

,,სიმართლე გითხრათ, გამეხარდა კიდეც. ჩემი იქ გადასვლა, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, ნაყოფიერიც კი აღმოჩნდა. მე გავიცანი ადამიანები, რომელსაც ახლა ლოცვებში ვიხსენიებ. ერთი დღე ვიყავი იზოლატორში და საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი გამომივიდა მათთან,“ - მბობს სასულიერო პირი.

რუსეთის სამხედროებმა ცხინვალში გადაიყვანეს. მიიყვანეს დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის შენობაში.



ფოტოზე: დვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის სიახლოვეს დვანს, ზემო დვანსა და მუგუთს საერთო სასაფლაო აქვს

,,იქ, იზოლატორში, ორი ოსი ბიჭი დამხვდა, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. პაპა და ბაბოს სანახავად გადასულან ცხინვალისკენ. პასპორტი არ ჰქონიათ და დაუკავებიათ. ზუსტად იმ დღეს გამოუშვეს, როცა მე მიმიყვანეს. მე მგონია, რომ იმ ბიჭებმა გამოიტანეს ჩემი წაყვანის ამბავი“ - იხსენებს სასულიერო პირი.

სასულიერო პირი ამბობს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში, მას საკმაოდ საინტერესო საუბრები ჰქონდა ერთ-ერთ ახალგაზრდა ოფიცერთან (სავარაუდოდ მუგუთელი) და ასევე პოლკოვნიკთან.

,,ახალგაზრდა ბიჭს ვკითხე, თუ როგორი იყო სოფელ მუგუთში სულიერი მდგომარეობა; იყო თუ არა მონათლული. მიპასუხა, რომ მონათლული იყო ადგილობრივი, სასულიერო წოდების მქონე პირის მიერ. ავუხსენი, რომ ეს ნათლობა არ ითვლებოდა, რადგან იქაური მღვდლები ხელდასმულნი არ არიან შესაბამისი წესით. მითხრა, რომ თუ შესაძლებლობა მექნება, მე მოვნათლო.“ - ამბობს მამა იოანე.

იზოლატორში ყოფნის დროს სასულიერო პირს უთხრეს, რომ მუგუთიც და ცხინვალიც ოსების მიწაა:

,,რა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ ეს მიწა ჩვენი ყველასია; ოსებისაც და ქართველებისაც; რომ ისინი ქართლელი ოსები არიან; სადაც შერეული ოჯახებიც ცხოვრობდნენ და მათ შორის ჩხუბი არ შეიძლება“ - ყვება სასულიერო პირი.

იხსენებს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის უფროსის მაგიდაზე რუკაა გაშლილი. რუსულ რუკაზე სოფელი წუნარია აღნიშნული. ,,იცით, რას ნიშნავს წუნარი? ამ სოფელში აშენებული ეკლესიის გუმბათი დაიწუნა თამარ მეფემ. ვუთხარი, რომ იმ ეკლესიის აღმშენებლები ცხოვრობდნენ გარშემო, რომლებიც დღეს დევნილები არიან. ასევე, ვუთხარი, იცით, რატომ უწოდებენ მდინარეს ტილიანას? თამარ მეფეს უთქვამს, რა უქნია ამ ტილიან მდინარესო.“ - ყვება სასულიერო პირი.

მამა იოანემ ცხინვალი იმავე საღამოს დატოვა. მისი გათავისუფლების საკითხი, დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ერთ დღეში გადაწყვიტა. პარალელურად, თბილისში განგაში იყო ატეხილი. მამა იოანემ დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა, სადაც უნდა ეთქვა, რომ თითქოს ,,მან გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის" საზღვარი.




ფოტოზე: ხედი დვანის ეკლესიიდან, სადაც რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზა ჩანს. მის ქვემოთ საცხოვრებელი სახლებია, საიდანაც სოფელი მუგუთი იწყება

Print

სტატიის გამოყენების პირობები