ახალი ამბები
ეროვნულ გამოცდებზე კონდინციონერების არარსებობას პრემიერი უარყოფითად აფასებს
დღეს, მთავრობის სხდომაზე, განიხილავენ საკითხს, რომელიც ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში კონდინცირების სისტემის დამონტაჟებას შეეხება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია მაღალი ტემპერატურის პირობებში საგამოცდო ცენტრების ამ ფორმით მუშაობა.

„ჩემი შეფასებით ეს გარემოება ძალიან ცუდია. დღეს, მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს. ამ საკითხის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი დეტალებში, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ გორის საგამოცდო ცენტრში კონდინციონერები არც წელს იქნება, ხოლო აბიტურიენტების მშობლები გამაგრილებლების დაყენებას  ითხოვდნენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა, რადგან განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს.

„ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო. შესაბამისად, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევს და მატებაა მოსალოდნელი. სპეციალისტები მოსახლეობას მთელ რიგ რეკომენდაციებს აძლევენ სიცხისგან თავის დასაცავად, გამოცდებისთვის კი კონდიციონერი ხელმისაწვდომი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები