ახალი ამბები
ჭვრინისთან დაკავებულ ახალგაზრდას ცხინვალიდან 2 ივლისს გაათავისუფლებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჭვრინისთან დაკავებულ ტატო ხარაზიშვილს ხვალ 2 ივლისს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერის წარმომადგენელმა მარიამ გულისაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მშობლებს აცნობეს, რომ შვილის დაბრუნება ორშაბათს გახდება შესაძლებელი:

,,სავარაუდოდ, ჯარიმას გადაიხდიან მისი ნათესავები ცხინვალში. ოჯახს აცნობეს, რომ ხვალ გაათავისუფლებენ," - ამბობს მარიამ გულისაშვილი. მოზარდს ცხინვალში მამიდა ჰყავს.

ტატო ხარაზიშვილი, 30 ივნისს, რუსეთის სამხედროებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალში წაიყვანეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლო საქმეს ორშაბათს განიხილავს.

ატოცის სკოლის დირექტორი ლიანა ქოჩიშვილი ამბობს, რომ ტატო ხარაზიშვილი წელს მე-12 კლასში გადავიდა და უშუალოდ მისი პედაგოგიცაა:

,,ტატო ჩვენს სკოლაში ჭვრინისიდან დადის. როგორც მე მითხრეს, დაკავება სოფლის განაპირას მომხდარა, იმ ადგილას, სადაც დააკავეს, ბუჩქნარია და რუსი სამხედროები ჩასაფრებულები ყოფილან. საერთოდ, ჭვრინისთან მხოლოდ ხნულებია გავლებული და ამიტომ მოსახლეობისთვის ეს ადგილი სახიფათოა" - აცხადებს სკოლის დირექტორი.

წელს, ატოცის საჯარო სკოლა 3-მა ჭვრინისელმა მოსწავლეემ დაამთავრა:

,,სამმა მოსწავლემ სკოლა უკვე დაამთავრა. წელს სულ 10 მოსწავლე დადიოდა ჭვრინისიდან. მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება. კიდევ კარგი, რომ სკოლის ავტობუსი დადის ჭვრინისიდან, თორემ ისეთ ადგილზე ცხოვრობენ, ბავშვები მოკლე გზით დადიოდნენ ხნულების სიახლოვეს. სამწუხაროდ, წელს პირველი კლასელი არ გვეყოლება ჭვრინისიდან" - განმარტავს ატოცის სკოლის დირექტორი.


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ფოტო: ჭვრინისის შესასვლელი
Print

სტატიის გამოყენების პირობები