ახალი ამბები
ხაშურის მერმა ერთი ძმის კომპანიის დაუმთავრებელი სამუშაო მეორე ძმის კომპანიას გააგრძელებინა
ხაშურის სოფელ ნაბახტევში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ტენდერის გამოცხადების მიუხედავად ისევ პრობლემურად რჩება. პირველ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მერიის მიერ შავ სიაში მოხვდა, მეორე ტენდერი კი იმავე ოჯახის წევრის კომპანიამ მოიგო.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა კომპანია „სუპერ ჯგუფი ლდბჯ“ შავ სიაში შეიყვანა, რადგან მან სოფელ ალსა და ნაბახტევში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა.
კომპანიას ლევან გამრეკელი ხელმძღვანელობდა.

მერიამ მალევე გამოაცხადა მეორე ტენდერი, სადაც გამარჯვება მოიპოვა კომპანია „თა თა“ — მისი ხელმძღვანელი ლევან გამრეკელის ძმაა.

ლევან გამრეკელის თქმით, პირველი ტენდერის ჩავარდნა ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული:

„შემოსავლების სამსახურმა ჩვენს კომპანიას ყადაღა დაადო, ამიტომ სამუშაოების დასრულება ვერ მოვასწარით. ხაშურის მერია იძულებული გახდა, კომპანია შავ სიაში მოექცია და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი ჩემი ძმისაა,“ – ამბობს გამრეკელი.

პირველი ტენდერის ვადა 2018 წლის 21 მარტს იწურებოდა, მეორე კი 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა ხაშურის მერიას ამჯერადაც ახალი პრობლემა შეექმნა — სოფელ ნაბახტევში ბოგირთან დაკავშირებით. აპრილში ალში ხიდის მოაჯირებიც დაიკარგა.

კომპანია „თა თას“ წერილში აღნიშნულია, რომ ნაბახტევის მოსახლეობა ბოგირზე მოაჯირების გაკეთების წინააღმდეგია, რადგან მაღალი გამავლობის ავტომობილები ვეღარ გაივლიან.
გარდა ამისა, კომპანია მერიისთვის მიუთითებდა, რომ ბოგირთან გრუნტი მყარი არაა და სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.

მერის გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

„ამ გარემოებების გათვალისწინებით, პროექტიდან ამოღებულ იქნას ნაბახტევის ხიდის ბოგირაზე მოაჯირების მოწყობის სამუშაოები.“

 


იხ. ამავე თემაზე:

ალის ხიდზე მოაჯირები მოიპარეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები