ახალი ამბები
ივ. ჯავახიშვილის მუზეუმი მოსწავლეებს შაბათ-კვირა დაკეტილი დახვდათ
კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმები შაბათ-კვირა ისვენებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორმა მარინე კოშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო. 

გუშინ, 8 ივლისს, კვირას, ქვემო ქართლიდან ჩასულმა სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მეცნიერისა და თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ვერ დაათვალიერეს. სოფელ ხოვლედან ისინი გაბრუნდნენ. ერთ-ერთმა მშობელმა ფაქტის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობა.

მუზეუმის დირექტორი სხვა სოფელში ცხოვრობს. ადგილობრივ წარმომადგენელთან დაკავშირება დირექტორმა დაახლოებით 10 წუთში შეძლო. 10 წუთის შემდეგ კი, მოსწავლეები ავტობუსით სოფლიდან უკვე გადიოდნენ.

კასპის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი თეო ხორბალაძე პირადად დაუკავშირდა მოსწავლეების მშობლებს და უკან დაბრუნება შესთავაზა, თუმცა უშედეგოდ:

,,კი, მუზეუმების დასვენების დღეებად შაბათ-კვირის გამოცხადება ცოტა ხნის წინ გადაწყდა, ფაქტია, რომ მუზეუმებს შაბათ-კვირას უფრო სტუმრობენ. ამ გადაწყვეტილებას გადავხედავთ" - ამბობს კულტურის სამსახურის უფროსი თეო ხორბალაძე, რომელიც თვლის, რომ ამ ამბავში სავარაუდოდ სამუზეუმო გაერთიანების ადმინისტრაციის ბრალეულობა არ იქნება.

ფოტოზე: ივანე ჯავახიშვილის მუზეუმი გადაღებულია ,,ღამე მუზეუმის" კამპანიის დროს
Print

სტატიის გამოყენების პირობები