ახალი ამბები
გორის მერია ერთ-ერთ საწყობში აღმოჩენილი წიგნების ბედით დაინტერესდა
,,გაოგნებული ვარ, ნანახით" - აცხადებს გორის ვიცე-მერი ეკატერინე სუხიშვილი იმ ფოტოების ნახვის შემდეგ, რომელიც გუშინ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, წიგნადი ფონდის მდგომარეობით მერია უკვე დაინტერესდა.

,,ჩვენ ამ საკითხით უკვე დავინტერესდით. როგორც აღმოჩნდა, ეს შენობა გორის უნივერსიტეტის საკუთრებაა და აქამდე იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არავის მოუწოდებია. უამრავი პროექტი გვქონდა მცირე ბიბლიოთეკების გახსნის თაობაზე და დარწმუნებული ვარ, ბევრი წიგნი გამოგვადგება" - აცხადებს ეკატერინე სუხიშვილი.

შეგახსენებთ, გორის პროფესიული კოლეჯის კუთვნილ ერთ-ერთ შენობაში იმ დარბაზს მივაკვლიეთ, სადაც გორის გაუქმებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდია ,,განთავსებული". წიგნები ამ ოთახში 2006 ან 2009 წელს დაყარეს.

ამის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო. გორის მერიას ქონება საკუთარ ბალანსზე არ აუღია, არც მანამდე არსებულ გამგეობას. 

ბიბლიოთეკების მასობრივი გაუქმება ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, შემდეგ 2009 წელს გაგრძელდა. ქალაქ გორში მხოლოდ ერთი - ცენტრალური ბიბლიოთეკა დარჩა. რაიონებში კი, ყველა სასოფლო ბიბლიოთეკა გაუქმდა.

სოფლების ბიბლიოთეკების წიგნები საჯარო სკოლებში გადაიტანეს, ქალაქის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი კი, დღეს ასე გამოიყურება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები