ახალი ამბები
,,წითელი ჯვარი" ომში დაღუპული პირების ნეშტების ძიებას აგრძელებს
მაისიდან განახლებული გათხრები სავარაუდო ლოკაციებზე სექტემბრისთვის დასრულდება, შესაბამმისად ამ პერიოდის განმავლობაში მოძიებული ნეშტების რაოდენობა, შემოდგომაზე გახდება ცნობილი. - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტიდან აცნობეს.

8 წლის განმავლობაში 349 ადამიანის ნეშტის ან მისი ფრაგმენტების მოძიება გახდა შესაძლებელი, საიდანაც 155 ადამიანია ამოცნობილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნეშტები ამოცნობის პროცედურის დასრულების შემდეგ მათ ოჯახებს გადაეცა, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება.

,, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების პროგრამის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშრისო კომიტეტის, როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაციის ეგიდით და მისივე თავმჯდომარეობით 2010 წელს შეიქმნა 2 ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი: 1) რომელიც მოიძიებს 1992-93 წწ აფხაზეთის კონფლიქტის დროს და მის შედეგად გაუჩინარებულ პირებს (ქართველი და აფხაზი წარმომადგენლების მონაწილეობით) და 2) რომელიც მოიძიებს სამაჩაბლოს 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და მის შედეგად გაუჩინარებულ პირებს (ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები). ორივე მექანიზმის წარმომადგენლები გარკვეული სიხშირით იკრიბებიან და ცვლიან მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციური სამარხებისა თუ გაუჩინარებული ადამიანების შესახებ. შესაბამისად ხორციელდება უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების სიის განახლება. პირველ მექანიზმში დევნილთა და განსახლების სამინისტრო მონაწილეობს, მეორეში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“-განმარტავს ,,წითელი ჯვრის“ საერთასორისო კომიტეტის წარმომადგენელი მაია ქარდავა.

ორგანიზაციის ინფორმაციით ამ დროისთვის დაახლოებით 2500 ადამიანი ითვლება უგზო უკვლოდ დაკარგულად 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიტის, ასევე ცხინვალის რეგიონის 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად. ამ რაოდენობაში შედის ქართველი, აფხაზი, ოსი, რუსი ეროვნების დაკარგული პირები.

,,აღნიშნული ორივე ჰუმანიტარული მექანიზმის მუშაობა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. სწორედ მათი მუშაობის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია უგზო-უკვლოთ დაკარგულ პირებზე, პოტენციურ სამარხებზე და ა.შ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოხერხდა ზემოხსენებული რაოდენობის ნეშტების მოძიება, მათი იდენტიფიცირება და ოჯახებისათვის გადაცემა. გარდა ამ მექანიზმებისა, წჯსკ ასევე ახორციელებს დაკარგული ადამიანების ოჯახების თანადგომის პროგრამას. ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთობლივად (იურისტები, სოცმუშაკები, ფსიქოლოგები და ა.შ.) დახმარება ეწევა ამ ოჯახებს, რათა შეუმსუბუქდეთ ახლობლის გაუჩინარებით გამოწვეული ტკივილი. უშუალოდ ნეშტების ამოცნობის პროცესში ჩართულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და რამდენიმე საერთაშრისო დნმ ლაბორატორია. გათხრებს ახორციელებს წჯსკ ექსპერტ-ანთროპოლოგების ჯგუფი.“-აცხადებენ ,,წითელ ჯვარში“.

წითელი ჯვრის საერთაშრისო კომიტეტმა საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების პროგრამა 2010 წელს დაიწყო. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების შესახებ მონაცემების მოძიება სწორედ ამ პერიოდიდან გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის სავარაუდო სამარხებზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის შედეგებზეც ,,წითელი ჯვარი“ სავარაუდოდ ორ თვეში ისაუბრებს. მანამდე კი 30 აგვისტოს ორგანიაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს გორშიც აღნიშნავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები