ახალი ამბები
კულტურის სააგენტოში ხელშეკრულებით აყვანილ დამხმარე სპეციალისტებს 1 აგვისტოს ვადა ეწურებათ
,,ალბათ, ვინმე მთვრალი იყო და არასწორად გამოიტანა ამბავი" - ამბობს გორის მერიის კულტურის სააგენტოს უფროსი გიორგი ქვათაძე, რომელთანაც კულტურის ცენტრში 11 ივლისს გამართული თათბირის შესახებ ვკითხეთ. აღნიშნულ თათბირთან დაკავშირებით, არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აგვისტოს თვეში სააგენტოს თანამშრომლებს უფასო შვებულებაში იძულებით უშვებენ:

,,ეს ინფორმაცია არასწორია. გეტყვით, რეალურად რა მოხდა 11 ივლისის თათბირზე. 2018 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების ვადები ეწურებათ სპეციალისტების გარკვეულ ნაწილს. ძირითადად, დამხმარე სპეციალისტებს. ეს ის კატეგორიაა, რომელთაც ღონისძიებების გამართვა ან მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმართვა ევალებათ. იმის გამო, რომ აგვისტო არის არააქტიური პერიოდი და დამხმარე სპეციალისტები არ გვჭირდება, ისინი გავაფრთხილეთ, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, საუბარი განახლდებოდა სექტემბრიდან. თუ დაგვჭირდება დამხმარე სპეციალისტები, რა თქმა უნდა, მათი რესურსი გათვალისწინებული იქნება" - აცხადებს გიორგი ქვათაძე, რომელიც კულტურის ცენტრის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს დროებით ასრულებს.

ქვათაძე განმარტავს, რომ განყოფილების ხელმძღვანელებს ასეთი ხელშეკრულების მქონე პირების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. კულტურის ცენტრის სააგენტოში სულ ოთხი განყოფილებაა. ესენია: კულტურის, ტურიზმის, მუზეუმისა და საბიბლიოთეკო განყოფილებები.

,,ჩვენს აიპში დაახლოებით 478 ადამიანი მუშაობს. აქედან რამდენი ადამიანია, რომელთაც ხელშეკრულების ვადა 1 აგვისტოს უმთავრდებათ, ჯერ არ ვიცით. როდესაც განყოფილების ხელმძღვანელები მოგვაწდვიან ინფორმაციას, ამის შემდეგ გავცემთ პასუხს" - აცხადებს გიორგი ქვათაძე. ჩვენი კითხვა ეხებოდა, თუ რამდენი ადამიანის სახელფასო თანხა დაიზოგებოდა აგვისტოში კულტურის სააგენტოში.

კულტურის სააგენტოს ერთ-ერთი, ამავე, სახელწოდების განყოფილების მენეჯერი დავით წეწვაძე ამბობს, რომ ის 11 ივლისის თათბირს არ დასწრებია და, შესაბამისად, რაზე იყო საუბარი სააგენტოს ხელმძღვანელთან არ იცის. საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა აბრამიძე ამბობს, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანები მათ განყოფილებაში არ მუშაობენ. სამუზეუმო გაერთიანების განყოფილების ხელმძღვანელი თინა სოსანიძე აცხადებს, რომ ინფორმაციის მოწოდება ერთი დღის ვადაში შეუძლია, რა თქმა უნდა, თუ ასეთი შემთხვევა არსებობს. ტურიზმის განყოფილების უფროსის რობერტ მაღლაკელიძის თქმით, საკადრო საკითხები განყოფილებების ხელმძღვანელებს საერთოდ არ ეხებათ და ეს ინფორმაცია თავისთავად სააგენტოში ინახება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები