ახალი ამბები
გორში სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ კვლევა დაასრულეს
გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის სპეციალისტებმა საჯარო სკოლების შემოწმება დაასრულეს და მონაცემები განათლების სამინისტროს გადაუგზავნეს. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განათლების რესურსცენტის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 5 მარტს წერდა, რომ სკოლებში კვლევების ჩატარება დაიწყო. პირველ რიგში, ამ კვლევების მიზანს, სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ზოგადი სურათის შექმნა წარმოადგენდა.

,,მასალები განათლების სამინისტროს უკვე გადავუგზავნეთ და საბოლოო დასკვნას ველოდებით," - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა.

კვლევის პროცესში შემდეგი ინფორმაცია შეაგროვეს: გარემო პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ფინანსური საქმიანობის შესახებ.

,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით არის სკოლები, სადაც საუკეთესო პირობებია, განსაკუთრებით, ეს ეხება ახლადაშენებულ 12 სკოლას. ამ სკოლებს უკვე მიემატა თორტიზის სკოლა. პრობლემები რჩება რამდენიმე სკოლაში, მაგალითად, ქერეში, რომელიც მოძველებულია. ექსპერტიზის დასკვნით, სკოლა დემონტაჟს არ საჭიროებს და ის რეაბილიტაციის გეგმაშია. პრობლემები აქვს ფლავის სკოლას. ქვეშის სკოლა კი, აშშ-ს მთავრობის დახმარებით, გარემონტდება." - აღნიშნავს ნანა ტერმაკოზაშვილი. ეს ის სკოლებია, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, ყურადღებას მე-11 სკოლა და მე-6 სკოლები საჭიროებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიც წერდა, რომ სარეაბილიტაციო ნუსხაში მე-6 სკოლის სპორტული დარბაზი შეყვანილია.

ფოტოებზე: ქერეს სკოლა

Print

სტატიის გამოყენების პირობები