ახალი ამბები
ელიავას ბაზრობაზე სამუშაოდ გაპარულ მოსწავლეს პროფესიულ სასწავლებელში მიიღებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ორი დღე არ ჩანდა, თბილისში, ელიავას ბაზრობაზე იყო წასული. ის ამ წუთებში ოჯახში მშობლებთან ერთად იმყოფება.

კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა უკვე დაკითხეს. მოზარდს სოციალურმა მუშაკიც გაესაუბრა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის, ნუკი ჩიბჩიურის განცხადებით, მეათე კლასელ მოსწავლეს პროფესიულ სასწავლებელში მიაღებინებენ პროფესიას:

,,როგორც ახსნა-განმარტებაში უთითებს, ის თბილისში სამუშაოს ეძებდა, რათა გამოემუშავებინა გარკვეული თანხა და ოჯახს დახმარებოდა. მიუთითა, რომ ელიავას ბაზრობაზე ავტონაწილების სახელოსნოებში მივიდა.  უთხრა ხელოსნებს, რომ ეხერხება მანქანების დაშლა-აწყობა და  შეეძლო ემუშავა. თუმცა, ასაკიდან გამომდინარე, მუშაობა ვერსად დაუწყია" - აღნიშნავს ნუკი ჩიბჩიური.

კასპში უახლოეს ხანებში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება. მოზარდის ოჯახი სოციალური დახმარების მიმღებ პირთა სიაში არ არის. სააგენტოში ამბობენ, რომ მამა ძირითადად სარემონტო სამუშაოებზეა დასაქმებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები