ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით: ,,ცხინვალის რეგიონი, - ისტორია და დღევანდელობა”
14 ივლისს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით: ,,ცხინვალის რეგიონი, - ისტორია და დღევანდელობა”

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციას ესწრებოდნენ: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და საელჩოს წარმომადგენლები, მეცნიერები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გამოვიდა ოთხი ძირითადი მომხსენებელი;

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) საქართველოს ეკლესიის ისტორიის გაყალბების მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება, პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა ისაუბრა თემაზე ,,ოსები კავკასიასა და საქართველოში“; პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი შეეხო ალანიის ეპარქიაში არსებულ პრობლემებს, მათ მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებს; პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა კი საინფორმაციო ომში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გააქტიურებაზე შეაჩერა ყურადღება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა შეკრებილნი და გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართება და გამოიკვეთება გზები ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრისათვის.









Print

სტატიის გამოყენების პირობები