ახალი ამბები
,,დიამ’’ “თრიალეთს” ქარტიაში უჩივლა
სატელევიზიო სიუჟეტს, რომელიც შიდა ქართლის ტელეკომპანიებს, „დიასა“ და „თრიალეთს“ შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს. ქარტიაში განცხადება „თრიალეთის“ ჟურნალისტის წინააღმდეგ „დიას“ დირექტორმა შეიტანა.  

ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „განმცხადებელი, მაია ტატულაშვილი მიიჩნევს, რომ მალხაზ მიქელაძის სიუჟეტში, "საიდუმლო გარიგება და პიარისთვის დახარჯული ხალხის ფული", დაირღვა პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), ვინაიდან, მისი აზრით, ინფორმაცია არაზუსტი და დაუსაბუთებელია. მისი თქმით, ამ სიუჟეტით "თრიალეთი" შეეცადა "რეგიონის მოსახლოებაში მითის შექმნას, თითქოს „დია" პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებს ატარებს და სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა ტელევიზიასთან სწორედ ამიტომ, მაღალი თანამდებობის პირების, მერის და რეგიონის გუბერნატორის დავალებით გააფორმეს“. 

სადავო სიუჟეტი „თრიალეთის“ ახალი ამბების გამოშვებაში 12 ივლისს გავიდა და მასში საუბარი იყო მუნიციპალეტსა და ტელეკომპანია „დიას“ შორის გაფორმებულ სარეკლამო ხელშეკრულებებზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თვითრეგულირების დამოუკიდებელი ორგანოა, რომლისთვის მიმართვაც ნებისიერ მოქალაქეს შეუძლია, თუკი მიიჩნევს, რომ რომელიმე ჟურნალისტმა ეთიკური სტანდარტები დაარღვია. ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები