ახალი ამბები
ამერიკული სამხედრო ტექნიკა გორის ცენტრში (PHOTO)
„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია.

დღეს ამერიკულმა სამხედრო ტექნიკამ გორში გაიარა და ცოტახნით ქალაქის ცენტრში გაჩერდა. აგვისტოს ომიდან 10 წლის გასვლის შემდეგ, მსვლელობას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. სულ გორში 13 ჯავშანმანქანა ,,სტრაიკერმა“ ჩაიარა, სამხედროებმა გორელ მოსახლეობას უფლება მისცეს ჯავშანტექნიკასტან ფოტოები გადაეღოთ.

გორელი მოსახლეობა დადებითად შეხვდა ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენას.

„ჩვენ ნამდვილად ვართ ღირსეული პარტნიორები დასავლური სამყაროსთვის. სიმბოლურია, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა ამერიკული სამხედრო ტექნიკა. ათი წლის წინ დედაჩემი გარდაცვლილებში მეძებდა, როდესაც ჩვენმა მტერმა სახელმწიფომ ჩვენი სახლი დაბობმა და დღეს, როდესაც ჩემმა შვილებმა გაიღვიძეს, მე მათ ვუთხარი, დღეს ჩვენ უნდა შევხვდეთ გმირებს, რომლებმაც უნდა დაიცვან საქართველო, რათა საქართველო აღარასდროს აღარ იქნას ისეთი ადვილად გადასაყლაპი ლუკმა, როგორიც ათი წლის წინ ჩვენს მტერს ეგონა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მტერს დემოკრატიის სიტყვა აი ასეთი მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ესმის. შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ ისინი დღეს აქ არიან, რათა სწავლებაში მიიღონ მონაწილეობა . მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვადასტურებთ რომ, ჩვენ ნამდვილად ვართ ღირსეული პარტნიორები დასავლური სამყაროსთვის.“ - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, გორის მკვიდრმა ივანე კოპაძე.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები