ახალი ამბები
ტრაგედია გორში - წლინახევრის ბავშვს საკვები სასულე მილში გადასცდა

 

,,სამწუხაროდ, ამ არაჩვეულებრივ ოჯახს ტრაგედია ვერ ავუცილეთ თავიდან. ბავშვს საკვები გადასცდა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული იყო ჩვენთან მოყვანა, ჩვენი ექიმი მაინც ჩაერია, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. მასთან მხოლოდ ბებია ყოფილა სახლში. ეს მოხდა გასულ კვირას" - განუცხადა Qartli.gE-ს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ.

 

კომპანია ,,ავერის" ცნობით, მსოფლიოში საკვებს გადაყოლილთა რიცხვი ყოველწლიურად 3000-ს აჭარბებს. ამიტომ გარკვეულ რჩევებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს:


,,ცნობილი ქირურგის ჰაიმლიხის მანევრის გამოყენება მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა დაზარალებული უკვე პანიკაშია. თუ ახველებს და საუბარიც ჯერ კიდევ შეუძლია, ნუ ჩაერევით, აცადეთ, სასულე თავად გაისუფთავოს.


 გააფრთხილეთ მსხვერპლი, რომ დახმარებას აპირებთ, ზურგიდან ამოუდექით (ეს მაშინ, თუ გონება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და ზის ან დგას) და წელზე ხელები შემოაჭდეთ. ცალი ხელით მუშტი შეკარით და ჭიპის ოდნავ ზემოთ მიადეთ, ისე, რომ ცერი მისი სხეულისკენ იყოს მიმართული. მეორე ხელი საკუთარ მუშტს დააფარეთ და ორივე ხელით რამდენიმეჯერ სწრაფად უბიძგეთ შიგნით და ზემოთ. ასეთი მანევრის ჩატარება მანამდე მოგიწევთ, სანამ მსხვერპლი მყუდროების დამრღვევს არ გადმოაგდებს ანდა გონებას არ დაკარგავს.


ჩვილებში ჰაიმლიხის მანევრის ჩატარება სარისკოა. ამ დროს საკმაოდ დიდი წნევა ვითარდება, ამან კი შეიძლება პაწაწუნა ელენთა ან ღვიძლი გახეთქოს. აქ სხვაგვარი ტექნიკა დაგჭირდებათ: ხელი მუხლზე დაიდეთ და ზედ ჩვილი პირაღმა გადაიწვინეთ, თავს კი მტევანი შეაშველეთ. ბეჭებზე რამდენიმეჯერ დაჰკარით მტევნის კიდე, სანამ უცხო სხეულს უკან არ ამოაგდებს.


თუ დაშავებულმა გონება დაკარგა, იატაკზე დააწვინეთ და გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეთ – გულმკერდზე ზეწოლამ უცხო სხეული შეიძლება ამოაგდოს. თან მშველელს მოუხმეთ. შეგახსენებთ: სულ რამდენიმე წუთი გაქვთ, ვიდრე უჟანგბადობა ტვინს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ასე რომ, რაც უფრო მალე აღმოჩნდება დაზარალებული პროფესიონალების ხელში, მით უკეთესი."

Print

სტატიის გამოყენების პირობები