ახალი ამბები
ერგნეთში მულტიმედია პროექტ 08.08.08-ge-ს პრეზენტაცია გაიმართა
პროექტი 08.08.08 ადამიანების მეხსიერებას ინახავს და თავს უყრის ისტორიებს, რომლებიც პოლიტიკურ და მედია ნარატივებში დაკარგულია.

ის შეიქმნა ჟურნალ ინდიგოსა და GCRT-ის – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის კოლაბორაციით.

ზეპირი ისტორიები ჩაწერილია ომგამოვლილ ადამიანებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დევნილთა დასახლებებში და გორში.

მულტიმედია პროექტის ნახვა შესაძლებელია ონლაინ: www.080808.ge

პროექტის პრეზენტაცია ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმში გაიმართა. ავტორებმა და სტუმრებმა პორტალზე განთავსებული ისტორიები წაიკითხეს:



,,წამოვედი ქოშებითა და სპორტულებითა, მეტი არაფერი, მეთქი, დავბრუნდებით, რაზე წამოვიღოთ, პატარა ჩანთა მქონდა ხელში მარტო. მეზობლის ბიჭის ტრაქტორი იყო და იმის ლაფეტზე დავჯექით მთელი უბანი. ეგრე ჩამოვიარეთ სოფლებში.

ჩემი მეუღლე ქართველი იყო, მე ოსი ვარ. წადიო შენაო, მითხრა, თვითონ დარჩა, დაიმალა სახლში. არ უნდოდა წამოსვლა. გავიდა ისე დღეები, არ ჩანდა. წითელ ჯვარს რო გამოყავდა ხალხი, იმათ ვურეკავდი მერე, ამბავი რო გამეგო. ვერა ნახეს.

ნასროლი ქონდა გულის მაღლა.

მერე ჩემი და ცხოვრობს ცხინვალში და იმას ვუთხარი, ადი რა, გელა მოძებნე-მეთქი. ავიდა. მარა მითხრა, რო, ზინაო, ვერა ვპოულობო. 12 სექტემბერსა მე წავედი თვითონ საძებრად, მაშინ ჯერ პოსტები არ იყო. შიშზე არა ვფიქრობდი, კაცი მყავდა მოსაძებნი, თან ყველა მცნობდა იქა. ავედი, ჯერ სახლში ვეძებე. დავიარე მთელი ეზო, ბაღები და მერე უკან ხეებში ვიპოვე. მკვდარი. ნასროლი ქონდა გულის მაღლა. სისხლი უჩანდა. ჯოხი გვერდზე ქონდა გადავარდნილი. საქონლის ნავალი იყო ყველგან. შეიძლება ერთი თვეც იყო იქა. მარტო. როგორ ვერა ნახეს-მეთქი. დავტოვე და წავედით მე და ჩემი და ცხინვალში, სასახლე რო მოგვეტანა. საღამოზე უკვე ამოვიტანეთ. როგორც იყო, ისე ჩავასვენეთ და თავის მამის გვერდზე დავაწვინეთ. ვინა, მარტო მე, ჩემი ორი და და სიძე ვიყათ. ისეთი სიჩუმე იდგა. ლაფატკები გვქონდა, კარგა ხანი ვთხრიდით, მარა ვერ ამოვთხარეთ, როგორც წესი და რიგია. სასახლე ჩანდა მარჯვენა წვერზე ძალიანა. მაგრამ მეტი ვეღარ შევძელით. დაღამებული იყო, რო მოვასუფთავეთ როგორც შეგვეძლო. იმ ღამით ჩემ დასთან წავედი ცხინვალში და მეორე დღით წამოვედი.

ზინა დღეს 56 წლისაა და წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს."

Print

სტატიის გამოყენების პირობები