ახალი ამბები
ერთ წელიწადში გორი 6500-მა მოქალაქემ დატოვა
2014-2015 წლებში ქალაქ გორის მოსახლეობა 6500-მა მოქალაქემ დატოვა. ამის შესახებ კომპანია ,,სითი ინსტიტუტი საქართვლოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სპეციალურად გორის მერიისთვის შეადგინეს.
დოკუმენტს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გაეცნო, სადაც აღნიშნულია, რომ კლება საკმაოდ თვალშისაცემია, რადგან მოსახლეობის რაოდენობა 54 700-დან 48 200-მდე დაეცა.

ამავე წყაროს ცნობით, გორის მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობა 2000-2017 წწ. არაერთგვაროვნად იცვლებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2000-2004 წწ. მიმდინარეობდა მოსახლეობის კლების ტენდენცია, რომელიც 2005 წლიდან – 2013 წლის ჩათვლით მატებით შეიცვალა.

,,აღსანიშნავია, რომ 2009-2010 წწ. ქალაქის მოსახლეობა 3.4 ათასით გაიზარდა, რაც განპირობებული იყო ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად კონფლიქტური ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის ჩასახლებით. 2014-2015 წწ. მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის მნიშვნელოვანი (12%-ით) კლების ფაქტი დაფიქსირდა – იგი 54.7 ათასიდან 48.2 ათასამდე შემცირდა. ეს უკანასკნელი რიცხვი ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს, ხოლო წინა წლების მონაცემები - 2002 წლის - გამოკლებით დაფუძნებულია მოსახლეობის მიმდინარე აღრიცხვის ინფორმაციაზე. დაფიქსირებული ფაქტი განაპირობა მიმდინარე აღრიცხვისა და აღწერის მონაცემებს შორის არსებულმა განსხვავებებმა.“ - აღნიშნულია ანგარიშში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები