ახალი ამბები
გორში საგზაომ ,,ორმოულების ამოვსების" გეგმა შეასრულა
ერთ კვირაზე მეტია, გორში, კეცხოველის გადათხრილ ქუჩაზე მანქანები გაჭრილ ასფალტის საფარზე მოძრაობენ, რითაც სატრანსპორტო საშუალებები ზიანდება. ამ ხნის განმავლობაში საგზაო სამშენებლო სამმართველო #-ის ტექნიკა ჯერ არ გამოჩენილა.

2018 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით, საგზაო კომპანია ვალდებულია 2019 წლის 1 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების მოვლა-შენახვაზე იზრუნოს. აღნიშნულ ვალდებულებებში შედის ორმოულების ამოვსებაც.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეში ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა თანხა სრულად გახარჯა. გორის მერია ,,ორმოულების" შესავსებად ახალ ტენდერს აცხადებს. წინა ხელშეკრულების საერთო ღირებულება 490 000 ლარი იყო.

გზებზე არსებული ხარვეზებისა და თებერვლის თვეში დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულების ,,დროზე ადრე შესრულების" გამო, მერია იძულებულია დამატებით 150 000 ლარი, სწორედ, ,,ორმოულებისთვის"  გამოყოს.

,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის მიერ ამოვსებული ორმოული სოფელ ხიდისთავში უკვე დანგრეულია. ხიდისთაველები ამბობენ, რომ კომპანიამ ასფალტბეტონის თხელი ფენა გამოიყენა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები