ახალი ამბები
მეცნიერებათა აკადემიაში ახალი წიგნი: ,,ოსთა წინაპრები ძვ.წ. VII-ახ.წ.XV საუკუნეებში" გამოსცეს
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა ვახტანგ გოილაძის წიგნი ,,ოსთა წინაპრები ძვ.წ. VII-ახ.წ.XV საუკუნეებში".

რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რეცენზენტები: პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით მერკვილაძე. მათი შეფასებით, ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ჩრდილოელი მეზობლების-ოსების წარსულისა და საქართველო-ოსეთის ურთიერთობის პრობლემებზე ამ ბოლო ხანებში ბევრი გამოკვლევა დაიწერა, მაგრამ ამ მონოგრაფიაში ოსთა წინაპრების გაბმული ისტორია ძვ.წ VII საუკუნიდან-ახ. წ. XV საუკუნის დასასრულამდე პირველადაა წარმოდგენილი.

ძვ. წ. VII საუკუნე, ეს ის დრო იყო, როცა აღმოსავლეთ ევროპის ველებზე ინდოევროპული მოდგმის სავრომატ/სარმატების დიდი მასა შემოვიდა. დროთა განმავლობაში მათგან ჩამოყალიბდნენ ის სარმატული გაერთიანებები, რომლებმაც დიდი კვალი დაამჩნიეს
აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ისტორიას. ის სარმატები, რომლებიც ჯერ მდ. დუნაის ნაპირებზე დამკვიდრდნენ, შემდეგ კი გერმანელებთან ერთად დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო აფრიკაში გადავიდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყნენ.

,,ცნობილი ბიზანტიოლოგის ი. კულაკოვსკის სიტყვით, "დროის ორომტრიალს" მხოლოდ იმ სარმატული გაერთიანებების შთამომავლები გადაურჩნენ, რომლებმაც ჩრდილო კავკასიის მთისწინეთში შეაღწიეს-ესენი სირაქთა და აორსთა სარმატული გაერთიანებების ნაწილები იყვნენ. ჩრდილო კავკასიის მიმდებარე ველებზე მათ შექმნეს პირველი სახელმწიფო გაერთიანებები და ამ გაერთიანებებთან ჰქონდათ ქართლის (შემდეგ საქართველოს) სახელმწიფოს მესვეურებს მჭიდრო კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობები." - აღნიშნულია წინასიტყვაობაში.

წიგნში ოსთა წინაპრების ისტორიის გარდა, საქართველო-ოსეთის ურთიერთობის არაერთი აქტუალური საკითხია გაანალიზებული.

ვახტანგ გოილაძე — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დაიბადა 1938 წელს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში. 1965 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1966-1976 წწ. იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სპეციალური სამეცნიერო რედაქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა – „ქართლის სამეფო III ს. 50-იანი წლების დასასრულამდე (ურთიერთობა სასანიანთა ირანთან და რომ-ბიზანტიასთან)“, დაიცვა 1998 წელს.

შრომები:

ვახტანგ გორგასალი, თბილისი, 2009
აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბილისი, თსუ, 1997
ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბილისი, 1991,
ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბილისი, 1990

იხ. წიგნის ელექტრონული ვერსია
Print

სტატიის გამოყენების პირობები