ახალი ამბები
ექსპერტების მტკიცებით, სტალინის ქუჩამ ეკონომიკური აქტივობა დაკარგა
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქალაქის ეკონომიკური აქტივობის ცენტრმა ქალაქის ჩრდილოეთით, ცხინვალის გზატკეცილის გასწვრივ გადაინაცვლა. ამ დასკვნამდე გორის მერიის მიერ დაქირავებულმა ექსპერტების ჯგუფი მივიდა.

კომპანია ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლების შეფასებით, ქალაქის მთავარმა ღერძმა - ი. სტალინის ყოფილმა გამზირმა, თავდაპირველი (ტრადიციული) ფუნქცია დაკარგა, რასაც ხელი შეუწყო ადმინისტრაციული ფუნქციის ობიექტების გადატანამაც. მათი განმარტებით, აქტივობის ცენტრების ასეთ გადაადგილებას და ფუნქციების შეცვლას - რესტრუქტურიზაციას - უარყოფითი გავლენა აქვს ქალაქის ფუნქციონირებაზე.

,,მიზიდულობის ახალი ცენტრის გაჩენამ დაანაწევრა ქ.გორის ურბანული სტრუქტურა. ქალაქში გაჩნდა არეალები, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება ამ ახალ ცენტრს. ამან გამოიწვია სატრანსპორტო ნაკადების ტრაექტორიის ცვლილება. ცხინვალის გზატკეცილი არ არის ადვილად მისადგომი, რამაც სატრანსპორტო შეფერხებები გამოიწვია სხვადასხვა სატრანსპორტო კვანძებზე. ცუდი კავშირები აფერხებს მოსახლეობის მობილობას, საქონლის ცირკულაციას და აძვირებს ქალაქის მოვლა-პატრონობას. „ - აღნიშნავენ ისინი.

,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ექსპერტები შეხვდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მათთან სამუშაოების შეხვედრის დროს, ექსპერტები დარწმუნდნენ, რომ ქალაქის ჩრდილოეთის მმართულებით განვითარების იდეა ფართოდ გავრცელებული ყოფილა.

,,მეორეს მხრივ, არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი, რომელიც ქალაქის ცენტრს გააჩნია, ამჟამად არ არის სრულად ათვისებული. არსებული საშუალო სართულიანობის შენარჩუნების შემთხვევაშიც, არეალს აქვს განვითარების პოტენციალი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის - სავაჭრო, კვების, საყოფაცხოვრებო მომსახურების და საოფისე ობიექტების კუთხით. ამდენად, დღეს ქალაქის მთავარი გამოწვევა ტერიტორიულ-სტრუქტურული წყობის აღდგენა-რესტრუქტურიზაციაა.“ - აღნიშნავენ ექსპერტები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები