ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი: ,,მეც ისევე შემტკივა გული ჩვენს სამშობლოზე, როგორც ყველა ქართველს"
სოფლიო ჩემპიონი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოების შესახებ, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ჯამბოლატ (ჯაბო) თედეევის გამოსახულებიან მაისურის ჩაცმისას ფერებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

,,მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის.. მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!" - წერს გენო პეტრიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

დღეს ვებ-პორტალ ონ.ჯიზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ,,საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის "პატივსაცემად" მისი გამოსახულებით მაისური ჩაიცვეს". სტატიის მიხედვით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მოჭიდავეებმა რუსეთის დროშისფერებიან მაისურებში ფოტო გადაიღეს. მაისურზე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი.

ფოტოზე, რომელიც On.ge-ს მკითხველმა მიაწოდა, გამოსახულია კიდევ სამი პირი, რომელთაც მაისურზე RUSSIA აწერიათ. მათი იდენტიფიცირება On.ge-მ ვერ შეძლო.

გენო პეტრიაშვილი წარმოშობით სოფელ ნულიდანაა. ფრონეს ხეობის ეს სოფელი ოკუპირებულია და ეთნიკური ქართველები გადევნებული. ამ სოფლიდან 11 წლის წინ გენო პეტრიაშვილი კრიმინალებმა გაიტაცეს და დე-ფაქტო რესპუბლიკის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. 3 თვის შემდეგ, გენო პეტრიაშვილი გაათავისუფლებს. გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვდნენ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები