ახალი ამბები
წინარეხში წყლის დაბინძურების წყარო გარემონტებული დრენაჟი აღმოჩნდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში 2015 წელს გაკეთებული დრენაჟი გააუქმეს. ამის მიზეზი, საცხოვრებელ სახლებში დაბინძურებული სასმელი წყლის მიწოდება გახდა. ოფიციალურად, დადასტურდა, რომ დაბინძურების წყაროს დრენაჟი (საწრეტი) წარმოადგენდა.

,,მილები ჩვეულებრივ გამართულ მდგომარეობაშია, უბრალოდ, იქ წყალი აღარ მოდის, რადგან დრენაჟი გაუქმდა. ამჟამად, მერიის დაკვეთით ახალი დრენაჟი, სხვა ადგილას გაკეთდება. იქიდან წამოსულ წყალს მივუერთებთ ახალ მილებს და სოფლის მოსახლეობას წყალი ინდივიდუალურად ექნება" - განმარტავს სოფლის წარმომადგენელი ესტატე აბულაძე.

საქმე იმაშია, რომ 2015 წელს, სოფელ წინარეხში სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი კომპანია ,,ჰიდროლოგიურმა ჯგუფმა" გააკეთა. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, სოფელში სასმელი წყალი მალე აიმღვრა. კომპანიის დირექტორი აცხადებდა, რომ თავდაპირველად, ეს მდინარე კავთურას ადიდებამ გამოიწვია. შემდეგ, როდესაც კავთურამ იკლო, ინდივიდუალურ ონკანებში კვლავ დაბინძურებული წყალი წამოვიდა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რაიონის მაშინდელი გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. გამგეობაში შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლებმაც ,,დაადგინეს", რომ მილები სპეციალურად იყო გახვრეტილი. გამგებლის მომხრეები ამბობდნენ, რომ მილები იმ ადამიანებმა დახვრიტეს, ვინც გამგებელს უპირისპირდება.

საბოლოოდ, გაირკვა, რომ დრენაჟი არ უნდა გაკეთებულიყო მდინარის პირზე. ხოლო ის დახვრეტილი ადგილები გამოცვალეს. ,,დღეს სისტემა სრულიად გამართულია იმისათვის, რომ ახალი დრენაჟიდან წყალი მივიღოთ" - აცხადებს ამჟამად სოფლის წარმომადგენელი.

ახალი ტენდერის პირობებში კასპის მერს მანუჩარ მერებაშვილს კომპანიები უჩივიან. ერთ-ერთი კომპანიის ,,ბ&ბ"-ს წარმომადგენლის განცხადებით, სატენდერო პირობები კონკრეტულ კომპანიებზეა მორგებული: ,,შეუძლებელია, წარვადგინოთ, ობიექტზე მომუშავე ინჟინრების სპეციალობის დამადასტურებელი დოკუმენტები და საბანკო ამონაწერები. ეს პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ამ ვალდებულების შესრულება, საკანონმდებლო ნორმითაც, შეუძლებელია" - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები