ახალი ამბები
სახანძრო მანქანას გამოძახებისას გზაზე ,,წყალი აუდუღდა"
ასპის სახანძრო მანქანას სოფელ ახალქალაქში ,,წყალი აუდუღდა". ეკიპაჟის წევრები გამოძახებაზე მიდიოდნენ. მათ მოულოდნელად შეამჩნიეს, რომ ძრავა გადახურდა. მათ კასპიდან თითქმის 10-15 კმ მანძილი ჰქონდათ გავლილი.

მეხანძრეებმა პრობლემის აღმოსაფხვრელად და გადახურებული ძრავის გასაგრილებლად ის წყალი გამოიყენეს, რომელიც ჩასაქრობად მიჰქონდათ. ,,იქ რაღა უნდა მიასხან?!" - იხუმრეს სოფლის ბირჟაზე.

თუმცა, გამოძახების ადგილი საინფორმაციო ცენტრ 112-ზე შეცდომით იყო მითითებული. ახალქალაქში მეხანძრეებს ხანძარი არ დახვდათ და უკან გაბრუნდნენ.

ზარის ავტორთან დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ ცეცხლი ეკიდა მინდორს არა სოფელ ახალქალაქთან, არამედ სოფელ ზემო ხანდაკში.

როგორც შემდეგ გაირკვა, ზემო ხანდაკში, ერთ-ერთი ფერმერი ნაყანებს საკუთარი ინიციატივით წვავდა. ზარის ავტორს კი, ხანძარი ეგონა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები