ახალი ამბები
სოზარ სუბარი ახალი გუბერნატორის შესახებ: ,,რეგიონის დეპუტატებმა მითხრეს, რომ კარგი ოჯახის შვილია"
აქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარმა შიდა ქართლში ახალი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა. სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ხაშურიდან, ქარელიდან და კასპიდან მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ჩავიდნენ.

სოზარ სუბარს ჟურნალისტებმა,  გიორგი ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით, წარსული გამოცდილება შეახსენეს. საქმე ეხება 2011-2013 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ხოჯევანიშვილის მუშაობის პერიოდს.

სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი ირაკლი კორძაია წერს, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი იყო სააკაშვილის პერიოდის მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის ,,ხელის ბიჭი". კორძაიამ, 2013 წლიდან სასჯელაღსრულების სამინისტროში სოზარ სუბართან ერთად დაიწყო მუშაობა.

,,2011-2013 წლებში სასჯელაღსრულების სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი. იმედია არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში საპატიმროებში. პირადად აბოლებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს, როდესაც მათ ციხეებში გაუსაძლის მგომარეობაზე ინფორმაცია მისდიოდათ. განგებ არ მოვყვები დეტალურად თუ რას მიყვებოდნენ მისგან დაბულინგებული და დაჩაგრული ხელქვეითები. არც ჩემი და მისი პირადი ურთიერთობით შეგაწყენთ თავს. სოზარ სუბარს ერთი სული ჰქონდა როდის დაწერდა განცხადებას და დატოვებდა სამინისტროს. დღეს ის შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნეს. იმის გათვალისწინებით, რომ სუბარი დღეს მთავრობის რეგიონალური სამსახურის უფროსია, ნადვილი ბედის დაცინვაა სოზარისთვის. მაგრამ, არაუშავს, ამასაც "აიტანს" ქართული ოცნება" - აცხადებს ირაკლი კორძაია.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ მან გიორგი ხოჯევანიშვილის თაობაზე მხოლოდ დადებითი მოსაზრებები მოისმინა, როგორც ყოფილი სამინისტროს თანამშრომლებისგან, ასევე მაჟორიტარი დეპუტატებისგან:

,,ჩვენ რომ დავიწოთ იმაზე საუბარი, ვინ მუშაობდა სააკაშვილისა და შევარდნაძის პერიოდში, არა მგონია შესაძლებელი იყოს კადრების დანიშვნა, გარდა იმ ახალგაზრდებისა, ვინც 3-4 წლის წინ დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი. ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით, მე მქონდა შეხვედრა რეგიონის დეპუტატებთან, ბევრი მათგანი იცნობდა. ყველამ თქვა, რომ ის არის გორში დაბადებული და შიდა ქართლში გამორჩეული ოჯახის შვილი, რომ ყველა იცნობდა მის მამას და წინაპრებს, კარგი ოჯახისშვილია. მე როცა სასჯელაღსრულების სამინისტროში მინისტრად დავინიშნე, ხოჯევანიშვილი მუშაობდა რამდენიმე თვის განმავლობაში და წავიდა საკუთარი ნებით. მის მიმართ მქონდა დადებითი შეხედულება. გუბერნატორის თანამდებობაზე კანდიდატურის დასახელების დროს, კვლავ გადავამოწმე მის შესახებ ინფორმაცია. დავუკავშირდი ცნობილ უფლებადამცველეს სოფიო ჯაფარიძეს და მისგან ძალიან დადებითი მოსაზრებები მოვისმინე.' - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი დღეიდან შიდა ქართლის გუბერნატორია. ის 1985 წელს დაიბადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები