ახალი ამბები
შსს: ,,იარაღი, რომელიც რუსეთში გადაჰქონდათ, დირბში შეიძინეს"
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული ვ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.

ფაქტის შესახებ გუშინ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ე.-მ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში უკანონოდ შეიძინა 1991 წელს დაბადებული შ.დ.-ს სახელზე რეგისტრირებული „გლოკ-17“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც თავისი კუთვნილი ავტომანქანით რუსეთის ფედერაციაში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადაჰქონდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ძირითადი საქმიდან გამოყოფილი გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ჯ.კ. დააკავეს. ამავე საქმის ფარგლებში, ბრალი წარედგინათ 1972 წელს დაბადებულ დ.ბ.-სა და 1991 წელს დაბადებულ შ.დ.-ს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მომზადების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადატანის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 18-236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 19-214-ე მუხლის 4-ე ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები