ახალი ამბები
ხოვლის საბავშვო ბაღის შენობის ერთ მხარეს კედელმა დეფორმაცია განიცადა
ასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საბავშვო ბაღის კედელზე ბზარი გაჩნდა. ამის შესახებ ბაღის ადმინისტრაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებს უკვე აცნობა.

საბავშვო ბაღის დირექტორის, ლალი თაბუაშვილის განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტთა ჯგუფმა შენობა უკვე შეამოწმა. თავდაპირველი მონაცემებით,  დაზიანების კვალი ნამდვილად შეინიშნება.

,,ჯერ-ჯერობით, ექსპერტიზის პასუხები წერილობით არ გვაქვს, მაგრამ ზეპირსიტყვიერად მითხრეს, რომ ადგილის აქვს ,,კედლის დაჯდომას". მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ამიხსნეს, რომ კედლის ძირის გამაგრება შესაძლებელია. აღსაზდრელების მიღებას 10 სექტემბრიდან ვიწყებთ. ამ დღისთვის რომც ვერ მოესწროს გამაგრებითი სამუშაობი, სააღმზრდელობო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება." - ამბობს ლალი თაბუაშვილი.

,,კედლის დაჯდომას" საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უკავშირებს მეზობელ სახლის ეზოში წყლის დიდი რაოდენობით დაგროვებას ნალექის დროს:

,,ჩვენთან საბავშვო ბაღს აქვს სახურავი თავისი წყალსაწრიტი სისტემით. მეზობელ სახლის ეზოში კი, დიდი წყალი გროვდება ნალექის დროს. ს ამ გარემოებას უკავშირებენ კედლის ძირის დაზიანებას" - აცხადებს ლალი თაბუაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები