ახალი ამბები
,,აი, ქეიფები რომ იყო, ისე იქნება?

 

,,გეშველათ ქარელელებს დღეობა გექნებათ" - უთხრა ურბნისის წარმომადგენელმა ცირა ინდუაშვილმა დამსწრე ქარელელებს. გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსს ვასიკო ბაქრაძეს სიტყვა დღეობა არ მოეწონა. ,,არა, ეს არ იქნება დღეობა, გაიმართება კულტურული ღონისძიებები" - თქვა ბაქრაძემ.

 

,,ზაზაობის" და ,,ქარელის დღეების" დაწესების ინიციატორი მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ ქარელის რაიონი ჩამორჩენილია: ,,იცით, რომ გორში და ხაშურში ჩატარდა ,,გორის დღეები" და ,,ხაშურის დღეები". ჰოდა ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, ჩამოვიყვანოთ სტუმრები, ვაჩვენოთ ჩვენი რაიონი" - თქვა ზაზა გულიაშვილმა.

 

საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ,,ზაზაობის" დროს, კომუნისტების პერიოდში, ძამის ხეობაში სუფრები იშლებოდა და ქეიფი იმართებოდა.

 

დღესასწაული მე-15 საუკუნის პოლიტიკურ მოღვაწეს და მეცნიერს, მკურნალს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს უკავშირდებოდა. ზაზა ფანასკერტელის სახელთანაა დაკავშირებული ყინწვისის მონასტრის აღდგენა. ტაოდან (ფანასკერტიდან) შიდა ქართლში გადმოსახლებულმა, ფანასკერტელთა სახლის უფროსმა ზაზამ შიდა ქართლში საციციანოს (ციციშვილების) საგვარეულოს დაუდო საფუძველი. ზაზა ფანასკერტელი ავტორია სამედიცინო ისტორიული წიგნისა - ,,სამკურნალო წიგნი - კარაბადინი".

 

მე-20 საუკუნის ბოლოს, ფანასკერტელი-ციციშვილის ხსენების დღეს, ყინწვისის მონასტრის გარშემო, დღესასწაულმა დღეობების და ქეიფების სახე მიიღო.

 

კულტურის სამსახურის უფროსის ვასიკო ბაქრაძის თქმით, ,,ქარელის დღეები" გაზაფხულზე, ხოლო ,,ზაზაობა" - შემოდგომით გაიმართება.

 

,,იქ ხომ დედათა მონასტერია ახლა?" - იკითხა სოფელ ბრეთის წარმომადგენელმა მანანა ქარსანაშვილმა. 

 

ფოტო: გადაღებულია გორში ,,შიდა ქართლის" დღეებზე, ქარელის კუთხე

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები