ახალი ამბები
ტყვიავი-კარალეთის გზაზე ავარიისას ორი ქალი დაიღუპა
უშინ, საღამოს, ტყვიავი-კარალეთის გზაზე მომხდარი ავარიისას, რომლის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, ორი ქალი დაიღუპა. ამათგან, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე - საავადმყოფოში.

რაც შეეხება მძღოლს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ავტომანქანა ,,მერსედესი" გორის მიმართულებით მოძრაობდა. ახლობლების თქმით, მძღოლმა საჭე იმ დროს ვერ დაიმორჩილა, როდესაც ,,ორმოულზე" გადაიარა.

,,მანქანა შერთულიდან მოდიოდა. ერთ-ერთ ქალბატონს მეუღლე სულ ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, მეორე ქალბატონსაც მეუღლე შარშან დაეღუპა. ოჯახებისთვის ეს ამბავი უდიდესი ტრაგედიაა" - ამბობს თამარ მურალოვი, საკრებულოს წევრი ძევერიდან.

ის და სოსო მუმლაძე, კიდევ ერთი საკრებულოს წევრი ძევერიდან, ,,გორმედში" იმყოფებოდნენ, რადგან დაზარალებულისა და გარდაცვლილების ოჯახები მათი ახლობლები არიან.

,,გორმედის" ცნობით, ქალბატონი, რომელიც მათთან მოათავსეს, საკმაოდ მძიმედ იყო დაშავებული. ,,თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა" - გვითხრეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

შს სამინისტროს ცნობით, ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანამ ორი ბრუნი გააკეთა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს - სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც 2 ან 2-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ,,ორმოულიდან" სულ რაღაც 50-მდე ნაბიჯზე სატრანსპორტო საშუალება გზის გასწვრივ მდებარე ბუჩქნარში გადატრიალდა.

ამავე თემაზე:

ტრაგედია ტყვიავის გზაზე - ორმოულის გამო მანქანა ამობრუნდა

ტრაგედიის ადგილზე ,,ორმოულის" ამოვსება დაიწყეს - ,,საგზაო" მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის

თამარ მურალოვი: ,,გავაფრთხილე, ამოავსეთ ორმო, თორემ ტრაგედია მოხდება-მეთქი"


Print

სტატიის გამოყენების პირობები