ახალი ამბები
ქვეითებისთვის სახიფათო გზას ,,ნაჭარმაგევთან" ღამით გაანათებენ
.გორი-კარალეთის მონაკვეთზე გარეგანათების ნათურებს დაამონტაჟებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს წევრმა სოსო მუმლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის განათების შემთხვევაში, ტრაგიკული შემთხვევები შემცირდება.

ორი კვირის წინ, ავტომანქანამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ,,ორი კვირის წინ, 25-წლის ბიჭი ააგდო მანქანამ. ღამით საკმაოდ ძნელია ამ გზაზე სიარული. მძღოლები ქვეითებს ვერ ხედავენ. ზოგი რესტორნიდან მოდის. გარეგანათებისთვის თანხა უკვე გამოვყავით" - აცხადებს მუმლაძე.

გორი-ცხინვალის გზატკეცილი, რესტორან ნაჭარმაგევთან, ფეხითმოსიარულეებისთვის სახიფათოა. ,,ჭადრების ხეივანი" ჩაბნელებულია. მძღოლები ჩივიან, რომ ქვეითები ღამით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, რადგან ასფალტის სიგანე მცირეა.

შესყიდვების სამსახურის ცნობით, გარეგანათებისთვის 210 000 ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებში, ცხინვალის გზატკეცილთან ერთად, კიდევ სამი სოფლის გზები განათლდება. - კირბალი, ნადარბაზევი, თერგვისი და ყელქცეული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები