ახალი ამბები
ნოსტეში იარაღით გარდაცვლილ მამაკაცებს შორის ერთ-ერთი შსს-ს ყოფილი თანამშრომელი იყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში, გუშინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ, ცხედრები ჯერ გორის პროზექტურაში მიიყვანეს, შემდეგ კი, თბილისში, ოჯახებში გადაასვენეს.

ერთ-ერთი გარდაცვლილი შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ის მათ უწყებაში მუშაობდა, ხოლო თუ რომელ წლებში, ამის შესახებ, პრეს-სამსახურს ინფორმაცია არა აქვს.

მეორე გარდაცვლილი კი, ჩვეულებრივი მოქალაქეა: ,,ის არც პოლიციაში მუშაობდა და არც არასდროს უმუშავია. ერთი წესიერი პატიოსანი ბიჭი იყო. ჰქონდა თავის ბიზნესი" - გვითხრეს გორის პროზექტურაში გარდაცვლილის ახლობლებმა.

მათი თქმით, ორივე მათგანი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და ნოსტეს მუდმივი მცხოვრებლები არ იყვნენ. შს სამინისტროს პრეს-სამსახურიც ადასტურებს, რომ ორივე პირი ადგილობრივი მცხოვრები არ იყო.

წინასწარი ვერსიით, სოფლის ცენტრალურ უბანში, სადაც ბირჟაა, რამდენიმე მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა. 40-წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელსაც იარაღი ჰქონდა და შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იყო, ამჟამინდელი ვერსიით, უმისამართოდ ისროლა. ტყვია კი, 30-წლამდე ასაკის მამაკაცს, მის მეზობელსა და ბიძაშვილს მოხვდა და დაიღუპა.

,,როგორც კი გაიგო, რომ ტყვია იმ ბიჭს მოხვდა და დაიღუპა, შემდეგ თავი მოიკლა იმავე იარაღით" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით (მკვლელობა) მიმდინარეობს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები