ახალი ამბები
ბესო ჯუღაშვილის სავარაუდო საფლავზე ჯვრის გამოსახულებიანი ქვა დადგეს
საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის მამის ბესო ჯუღაშვილის საფლავი, ერთ-ერთი ვერსიით, თელავშია. სწორედ ამ საფლავზე უცნობმა პირებმა მემორიალური დაფა დადგეს ჯვრის გამოსახულებით. ფოტო გუშინ გამოაქვეყნეს და აღნიშნავენ, რომ საფლავს მუდმივად უვლიან.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, ბესარიონ ჯუღაშვილი 1909 წელს თბილისში გარდაიცვალა, საავადმყოფოში, რეგისტრირებული იყო, როგორც ,,უპატრონო". ბესარიონ ჯუღაშვილს მეუღლესთან იმ პერიოდში ურთიერთობა აღარ ჰქონდა. კობა ჯუღაშვილი კი, (იოსებ სტალინი) დაპატიმრებული იყო ოხრანკის მიერ.

მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ თელავში არსებული საფლავი ბოლშევიკი რევოლუციონერების ფანტაზიის ნაყოფია, რადგან საბჭოთა კავშირის დაარსების შემდეგ, დიდ პრესტიჟად ითვლებოდა სტალინთან სიახლოვე. ასევე, ცნობა იმის შესახებ, რომ ბესო ჯუღაშვილის ცხედარი თელავში ახლობლებმა წაიყვანეს, დოკუმენტურად ვერ დადასტურდა. შსს-ს არქივში დაცული ცნობის მიხედვით, ,,უპატრონო" ბესო ჯუღაშვილის ცხედარი არამიანცის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო ხარჯზე დაკრძალეს თბილისის სასაფლაოზე, რომელსაც შემდეგ ვეღარ მიაკვლიეს.

ამ პერიოდის მასალები, შსს-ს არქივების გაცნობის შემდეგ, შესწავლილი აქვს თელავის უნივერსიტეტის პროფესორს, თენგიზ სიმაშვილს. 

თელავის უნივერსიტეტის პროფესორი, თენგიზ სიმაშვილი მონოგრაფიულ ნაშრომში ,,სტალინი და თელავი" წერს, რომ პირველი რევოლუციის დროს (1905-07 წწ), კობა ჯუღაშვილს სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კახელ რევოლუციონერებთან, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციები ჰქონდათ ჩამოყალიბებული. იგი დოკუმენტურად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სტალინი ხშირად ესწრებოდა თელავის მაზრაში ჩატარებულ რევოლუციურ შეკრებებს. ასევე, იცნობდა ცნობილ რევოლუციონერებს ხარება ჯიბუტს, გოგოა კენკიშვილს და სხვებს (კინოფილ ,,ხარება და გოგიას" პერსონაჟებს).


Print

სტატიის გამოყენების პირობები