ახალი ამბები
მორიგი ავარია ცხინვალთან ნასვამი მძღოლის გამო
კიდევ ერთი ავარია მოხდა ცხინვალის რაიონში, რომელიც ნასვამ მძღოლს უკავშირდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ცხინვალელი ჟურნალისტების ცნობით, დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ტბეთთან  ცხინვალი-ზნაურის გზაზე დაფიქსირდა. მანქანას "Lexus RX330" ცხინვალში მცხოვრები მოქალაქე მართავდა.

აგვისტოში მომხდარი ავარიების გამო ცხინვალის საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა მოათავსეს.

მაგალითად, 15 აგვისტოს, ცხინვალში, ავარიისას  21-დან 24 წლამდე ასაკის მამაკაცები დაშავდნენ. შეჯახება საბჭოს ქუჩაზე მოხდა. იმ დღეს ავარია ჯავასთანაც დაფიქსირდა. ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები, 22-წლის მოქალაქე ავტომანქანა ВАЗ-21014-ით ხეს შეეჯახა.

ტრაგედიით დასრულდა მაისში სოფელ წუნართან მომხდარი ავარია, რა დროსაც 9-წლის ბავშვი გარდაიცვალა. ცხინვალი-ზნაურის გზაზე  51-წლის ტრაქტორისტმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაშავდა 12-წლის ბავშვიც. ტრაქტორისტს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები