ახალი ამბები
კეხვიდან დევნილი კოტეჯებში წმ. გიორგის ეკლესიას აშენებს
თითქმის ყველა სოფელში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დატოვეს, წმინდა გიორგის ეკლესიაა. ამჟამად მეტეხის დასახლებაში ცხოვრობენ და წინაპართა სალოცავებში ვეღარ მიდიან. ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ დიდი და პატარა ლიახვის სოფლებიდან დევნილები. კოტეჯებში ქემერტის, აჩაბეთის, ჭარების, ერედვის, ძარწემის და ა.შ სოფლებიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

კეხვიდან დევნილმა ხვიჩა ნებიერიძემ ორი თვის წინ, დასახლების წინ, ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო სოფლებში - მეტეხსა და გომში უძველესი, თანაც დიდი ტაძრები დგას, ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა მცირე ზომის ტაძრის აგება კოტეჯებში მაინც გადაწყვიტა. წამოწყებას ყველამ მხარი აუბა.

დევნილი მამაკაცების შრომა მეზობელი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მეტეხელებისა და გომელებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მეტეხის ტაძრიდან ხატები მიუტანეს. სალოცავის გახსნამდე ადმინისტრაციულ შენობაში ინახება. ასევე, გომელებმა ხის ბოძები გაუგზავნეს,- ეკლესიის წინ, მაგიდას და სკამებს სახურავს გაუკეთებენ.



,,გამვლელ-გამომვლელი გვლოცავდა. ხან რას მიაშველებდნენ ბიჭებს, ხან რას. ხილიც კი მოჰქონდათ“ - იხსენებენ დევნილები. 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ტაძარი საზეიმოდ გაიხსნება.

ხვიჩა ნებიერიძე დასახლებაში არ დაგვხვდა. ის სამშენებლო მასალების მოსატანად იყო წასული. დედამისმა, ელისაბედ ნებიერიძემ გაიხსენა 8 წლის წიანდელი ამბავი, როდესაც ხეობის დატოვებიდან ორი წელი იყო გასულიყო:

,,როცა ხეობიდან წამოვედით, ორი წლის შემდეგ, ინფარქტი მივიღე. სახლში მარტო ვიყავი. ძლივს გავედი მეზობლად და ნარგიზასთან კარებზე დავაკაკუნე. დავაკაკუნე და უგონოდ ძირს დავეცი. ნარგიზამ დროულად გაიგო ჩემი ხმა. გამოვიდნენ მეზობლები, გამოუძახეს სასწრაფოს და წამიყვანეს ჯერ კასპში, შემდეგ თბილისში. კასპის ექიმებმა დროული დახმარება აღმომიჩინეს. თბილისში ოპერაცია დამჭირდა. ასე გადავრჩი ამ ხალხის წყალობით. და ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი შვილი ამ ხალხს ეკლესიას როგორ არ აუშენებდა?“ - ამბობს ელისაბედ ნებიერიძე, ხვიჩა ნებიერიძის დედა.




ფოტოზე: წინა პლანზე სულხან კასრაძე, ქემერტიდან დევნილი

ეკლესიის ეზოში მაგიდა უკვე გაწყობილია. ქემერტიდან (დიდი ლიახვის ხეობა) დევნილი სულხან კასრაძე უკვე სათამადოდ ემზადება. ის დასახლებაში ამ პატივით დიდი ხანია სარგებლობს. ამბობს, რომ საოცრად დიდებული განწყობით ხვდებიან-ხოლმე დევნილები დღესასწაულებს:

,,აქ უკვე ჩვენი კერა გვექნება, სადაც შევძლებთ, ის ტრადიციები აღვადგინოთ, რაც ხეობაში გვქონდა. თქვენც ნახავთ, როგორ იდეალური წესრიგი იქნება სადღესასწაულო დღეებში, ზედმეტს არავინ იკადრებს. 23 ნოემბერს ვაკურთხებთ ეკლესიას. კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ხოლმე“ - ამბობს სულხან კასრაძე.

ნარგიზა რაზმაძე სოფელ ჭარებიდანაა (პატარა ლიახვის ხეობა). 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისას, სოფლის მოსახლეობა წმინდა გიორგის ეკლესიისკენ გაიქცა
.



ფოტოზე: ჭარებიდან დევნილი ნარგიზა რაზმაძე

,,დიდი და პატარა იქ გაიქცა. სოფელი რომ იბომბებოდა, იმ ადგილს ერთი ბომბიც არ ჩამოვარდნილა. ფაქტობრივად, წმინდა გიორგის ძალამ და ეკლესიამ გადაარჩინა ჩემი სოფლელები, - თანაც ახალგაზრდები, - დაღუპვას“ - ამბობს ნარგიზა რაზმაძე.

შორენა ჭოველიძე ძარწემში დაიბადა და აჩაბეთში დაოჯახდა. ეს ორივე სოფელი დღეს ოკუპირებულია და მიწასთან გასწორებული. იხსენებს, მისმა ძმამ როგორ შესწირა ხატი წმინდა გიორგის ეკლესიაში და შვილის გადარჩენა შესთხოვა. ,,ჩვენ მაშინ წმინდა გიორგიმ გვიშველა."

,,იქ ვერ მივდივართ ჩვენს სალოცავებში და აქ მაინც გვქონდეს,“ - ვერ მოერია ცრემლებს ტასიკო გაბარაშვილი, იგი ქემერტიდან დევნილია. ვერ წარმოედგინა, თუკი ოდესმე ქართველი და ოსი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა. ,,ომი თუ ვიღაცას უნდოდა, ჩვენ, უბრალო ხალხს არ გვინდოდა. იცი, რა კარგები არიან ოსებიც? ცუდი და კარგი ყველგანაა.“ - ამბობს ტასიკო გაბარაშვილი




ფოტოზე: ქემერტიდან დევნილი ტასიკო გაბარაშვილი და კეხვიდან დევნილი ელისაბედ ნებიერიძე

10-წლიან დევნილობის შემდეგ, დასახლებაში ცხოვრება იცვლება. იზრდება ახალი თაობა. ოჯახები გამრავლდა. გაჩნდა ახალი მოთხოვნილებები, სკოლა, საბავშვო ბაღი, გზა, ბუნებრივი აირი. აქ ჯერ კიდევ მოხრეშილი გზაა, რომლის მტვერი მოსახლეობას აწუხებს და ბაღებისკენ ვრცელდება. ბუნებრივი აირი სახლებში არაა შეყვანილი.

,,ჩვენი სახლი ისეთ საოცარ ადგილას იდგა კეხვში, სამოთხე იყო პირდაპირ. ლიახვის პირზე. საოცარი ჰაერი, ბუნება, წყალი. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ თითო სოფლის ხალხი ცალ-ცალკე დაანაწილეს. კეხველებიდან ზოგი გორში ცხოვრობს, ზოგი - წეროვანში. როცა გავიგებთ-ხოლმე, რომ ვინმე გარდაიცვალა, ამ ჭირის დროს თუ ვხვდებით ერთმანეთს. არც ჩვენი მომავალი თაობა დაკარგავს ერთმანეთს. ღმერთმა ქნას, მალე დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე. იქაც თუ ხელის შევლება დაჭირდება ჩვენ სალოცავებს, აუცილებლად მიხედავს ჩვენი ხალხი,“ - ამბობს ელისაბედ ნებიერიძე.





ფოტოზე: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხთან მდებარე დევნილთა დასახლება

Print

სტატიის გამოყენების პირობები