ახალი ამბები
პოლიცია შემაკავებელი ორდერის მქონე პირების მიმართ კონტროლს აძლიერებს
2018 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამართალდამცველები ახალი ინსტრუმენტის, კერძოდ, კითხვარების საშუალებით ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და მოძალადისგან მოსალოდნელი რისკების უკეთ იდენტიფიცირებას მოახდენენ.

,, კი, თავის მხრივ, პოლიციელს სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და განმეორებითი ძალადობის აღკვეთის მიზნით, ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის დეტალური წესები, რომლებიც დღემდე არ არსებობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, არასამთავრობო სექტორთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა.

დაიგეგმება გამოცემული შემაკავებელი ორდერით მოძალადისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესი. თუ რისკი მაღალია, მოძალადის კონტროლი უფრო ინტენსიური იქნება.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, ასევე, შეიმუშავა დისტანციური სწავლების კურსი რისკების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის საკითხებზე. კურსი ოჯახში ძალადობის მიმართულებით მომუშავე ყველა სამართალდამცველმა გაიარა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები