ახალი ამბები
ატენელები დანახვისის მთაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიდიან
ატენის ხეობაში, სოფელ ველებთან, ტყეს ცეცხლი ამ წუთებშიც უკიდია. ხანძარი დღეს, დაახლოებით 16 საათზე შეამჩნიეს. ატენის წარმომადგენლის, ნუგზარ მძინარაშვილის თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად 30-მდე ადგილობრივი მცხოვრები მიდის.

ისინი მეხანძრე-მაშველებს დაეხმარებიან. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი 8 ჰექტრამდე ფართობს უკიდია. ნუგზარ მძინარაშვილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხოვლესა და დოესის მხრიდან გავრცელდა.

მდინარე ტანას (ატენის) ხეობაში ხანძრის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.

პრეს-სამსახურის ცნობით, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

,,ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე კერასთან რამდენიმე წუთში 7 ათტონიანი წყალმზიდი მივა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე გეგმავს დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებას." - აღნიშნულია განცხადებაში.

,,ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 5 კმ არის დაშორებული. ამ წუთებში ხანძრის ეპიცენტრისაკენ დასახმარებლად 30-მდე ადგილობრივი მიემართება.“- განაცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ნუგზარ მძინარაშვილმა.

გაგრძელება: 

21:00 სთ ატენის ხეობაში ხანძარი ჩააქრეს - მეხანძრეთა ჯგუფი ღამე დანახვისის მთაზე დარჩება





Print

სტატიის გამოყენების პირობები