ახალი ამბები
გორში ,,კაპეზეზე" პატიმარი შიმშილობს
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, შიმშილობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მამაკაცი, ,,კაპეზეს" ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე, გუშინ საღამოს მოინახულეს. 

,,მოვინახულეთ მამაკაცი. წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელმა გვაცნობა შიმშილობის შესახებ. მამაკაცთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ  არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო პრეტენზია არ გააჩნია პოლიციელების მხრიდან რაიმე ძალადობის ფაქტზე" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა ლ.გ ორი დღის წინ დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება დის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს ცემის ფაქტს. 

დაკავებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქონებასთან დაკავშირებით, და-ძმას შორის კონფლიქტი ნამდვილად არსებობს, თუმცა ცემის ფაქტი გამორიცხა. განმარტა, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში. ისარგებლა დამ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ქონების დასარეგისტრირებლად იგი გარდაცვლილად გამოაცხადა.

,,მე ვითხოვ ჩემ კუთვნილ ქონებას, რაც გამაჩნდა სოფელში. ჩემმა დამ მკვდრად გამომაცხადა" - ამბობს დაკავებული. გორის სასამართლომ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები