ახალი ამბები
გორის ბაზრის მეწილე პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის შვილიშვილი გახდა
გორის აგრარულ ბაზარს, ,,21-ე საუკუნეს" ახალი მეწილე ჰყავს. ამის შესახებ მასალები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია. 2018 წლის აგვისტოდან, 19-წლის ელენე მანჯგალაძე აგრარული ბაზრის აქციების საერთო რაოდენობის 17%-ის წილის მფლობელი გახდა.

აღნიშნული ოდენობის აქციების ღირებულება, რამდენიმე ხნის წინ, 20 ათასი ლარი იყო, რადგან ერთ-ერთმა მეწილემ აღნიშნულ ბაზარში, იგივე რაოდენობის წილი, სწორედ, ამ ფასად გაყიდა.

რაც შეეხება პარლამენტარის შვილიშვილს, მას აქციები ბებიამ, ციცინო კალანდაძემ აჩუქა. ციცინო კალანდაძე ამ ბაზარში წილს 2007 წლიდან ფლობდა. მას ეს წილი მისმა მეუღლემ, იოსებ მაკრახიძემ აჩუქა.

,,21-ე საუკუნე" გორში 21-ე საუკუნის დასაწყისში, 2000 წელს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები იყვნენ: ზაურ საგანელიძე (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე); ზურაბ წკრიალაშვილი (გორის ყოფილი გამგებელი), შალვა კეჩხუაშვილი (სოფლის მეურნეობის სამმართველოს ყოფილი უფროსი) და თემურ ხაჩიური (საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე).

2000-დან 2007 წლამდე ბაზრის მეწილეთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა რიცხვში საგზაო ტრესტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იოსებ მაკრახიძე მოხვდა. თავდაპირველი კაპიტალი სულ რაღაც 11 ათას ლარს შეადგენდა. იოსებ მაკრახიძემ საგზაო ტრესტის საფუძველზე შექმნა კომპანია ,,იბოლია", რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიონია მუნიციპალიტეტის. ,,იბოლიას" კაპიტალი, 2016 წლის მონაცემებით, 12 მლნ ლარს შეადგენდა.

ამჟამად, ,,21-ე საუკუნის" ადმინისტრაცია მიწის ფართს ითხოვს მდინარე ლიახვის გასწვრივ, ,,26 მაისის სახელობის სანაპიროს" ტერიტორიაზე. ამ საკითხს საკრებულოს წევრები უახლოეს სხდომაზე განიხილავენ
.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები