ახალი ამბები
გორში ერთ სამეზობლოდან ოჯახური ძალადობის ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავეს
,,კარგად ვიცი, რაც მოყვება ხოლმე ძალადობას, იმიტომ, რომ ჩემ სამეზობლოში ამ ბრალდებით ორი კაცია დაკავებული. ამიტომ, არ ჩავიდენდი ამ დანაშაულს." - განაცხადა ბრალდებულმა მამაკაცმა სასამართლო პროცესზე. ის გუშინ, 16 სექტემბერს დილით დააკავეს. მისი თქმით, ყოფილ მეუღლეს სურს ციხეში მისი ყოფნა და, ამის გამო, დაწერა საჩივარი..

,,მე არანაირად არ ვიძალადებ ჩემი შვილების დედაზე, მიუხედავად იმისა, რომ მან სხვასთან მიღალატა. ჩემი ეშინიათ და ამიტომ უნდათ ციხეში ჩამსვან" - განმარტა მან.

გორის სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ ბრალდებულს კიდევ ორი საჩივრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მცირეწლოვანმა შვილებმა დაწერეს. საჩივრების მიხედვით, მამამ შვილების თვალწინ დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონა წერს, რომ მამამ მასაც სცემა. 1972 წელს დაბადებულ ბრალდებულს ბრალი 5 ეპიზოდზე წაუყენეს. ბრალდებული აცხადებს, რომ შვილებს საჩივარი ბებიამ დააწერინა.

პროკურორის ცნობით, ბოლო ფაქტი 2018 წლის 14 სექტემბერს მოხდა. პირველი ეპიზოდი კი, 2017 წლის ზაფხულში. შსს-ს მტკიცებით, ბრალდებული სისტემატიურად ძალადობდა მეუღლეზე და შვილებზე, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა.

,,ბრალდებული სისტემატიურად ძალადობდა მეუღლეზე. აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით აუცილებელია მისი მოთავსება საპატიმროში" - განაცხადა პროკურორმა მიხეილ ხორგუაშვილმა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები