ახალი ამბები
საბჭოთა პერიოდის გააზრების შესახებ გორში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საჯარო დისკუსიას გამართავს
ღეს, 21 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გორის უნივერსიტეტში საჯარო დისკუსიას მართავს. მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში: საბჭოთა წარსულის კრიტიკული გააზრება თუ ძეგლებთან ომი?

დისკუსიაზე მსჯელობა შემდეგ საკითხებზე გაიმართება: როგორ ხდება საბჭოთა პერიოდის გააზრება დღეს საქართველოში და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე? როგორ ხდება მეხსიერების პოლიტიკის შემუშავება და რა როლი აქვს პოლიტიკურ ელიტას ამ პროცესში? როგორ განსაზღვრავს საქართველოში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი მეხსიერების პოლიტიკას?

მომხსენებლები არიან: თამარ ქარაია, ასისტენტ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დავით ჯიშკარიანი, მკვლევარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
მოდერატორი: ლილია ჩიხლაძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

,,საქართველოში მეხსიერების პოლიტიკის შესახებ დისკუსიები პერიოდულად ჩნდება, მაშინ როცა სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია მოსახლეობის სტალინისადმი დამოკიდებულების გამოკითხვის შედეგებს გამოაქვეყნებს ან ტელევიზიისა თუ რადიოს მეშვეობით საბჭოთა წარსულის რომანტიზებას ვისმენთ. უახლეს წარსულში, სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან წამოყენებული ინიცატივები რეალურად მიზნად ისახავდა არა საბჭოთა პერიოდის სიღრმისეულ გააზრებას, არამედ მორგებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს და ხშირად ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს უკავშირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მეხსიერების პოლიტიკაზე მუშაობა მცირე ჯგუფის ან პოლიტიკური ელიტის მიერ ხდება და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა ნაკლებია." - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში
.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები