ახალი ამბები
ქალთა უფლებების შესახებ დისკუსიის დროს ხურვალეთში ცხოვრებისეული ისტორიები გაიხსენეს
ხურვალეთის დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში ახალგაზრდა და უფროსი თაობის ქალები კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის მიერ ორგანმიზებულ შეხვედრას დაესწრნენ. ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმებისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მათ ინფორმაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკიმ მიაწოდა.

უფროსი თაობის წარმომადგენელმა დევნილმა ქალებმა შეხვედრაზე ცხოვრებისეული ისტორიები გაიხსენეს, ასევე გააჟღერეს საკუთარი მოსაზრებები ოჯახში ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ კაცი ოდითგანვე ოჯახის „თავია“ და ქალი ვალდებულია თუნდაც მისთვის უსიამოვნო დამოკიდებულებებს შეეგუოს, რასაც არ დაეთანხმნენ შეხვედრაზე დამსწრე ახალგაზრდები.

“პატარა მაღაზია მაქვს, თითქმის ყოველდღე მოდიან ქალები, რომლებიც შემომჩივლებენ ხოლმე, აღარ შემიძლია, როგორ მტანჯავს ჩემი ქმარი და ასე შემდეგ. ისინი იტანენ ამ ძალადობას, უძლებენ ცემას, გინებას, რადგან არ სურთ ოჯახის დანგრევა. როგორც ჩიტი უფრთხილდება თავის ბუდეს, ისე ქალები უფრთხილდებიან ოჯახებს და ითმენენ ძალადობას“, -ამბობს ციალა ვაზაგოვი.

ანა და ნანიკო ხურვალეთის სათემო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე დასასწრებად გორიდან ჩავიდნენ. ისინი პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ მონაწილეები არიან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ დისკუსიებს ხშირად ესწრებიან. აღნიშნულ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა განმარტეს, რომ ძველი თაობისთვის ბუნებრივ მოვლენად ქცეული ძალადობის ფორმები, მათთვის მიუღებელია.

“აქ მყოფი ქალების ისტორიებიდან ძირითადად მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები გამოიკვეთა, ძალიან რთულია ყოველდღიური პრობლემების ფონზე, ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა“, - ამბობს ნანიკო კირთაძე
.




ძალიან უხეშად მომხვდა ყურში ერთ-ერთი ქალის ნაამბობი. ქმარი ყოველდღიურად აგინებს, თუმცა იტანს იმიტომ, რომ კაცს სხვა დადებითი თვისებებიც აქვს. ვფიქრობ, გინებაც ერთ-ერთი ძალადობის ფორმაა და ჩვენი თაობა ასეთ მიდგომას ნამდვილად არ შეეგუება“. -აღნიშნა ანა პაპიაშვილმა.

72 წლის ნანული ტოლიაშვილის აზრით, ოჯახის შექმნა დიდ სირთულეებტანაა დაკავშირებული, მისი თქმით სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავის დროზე გათხოვებაზე უარი თქვა და თავისი ცხოვრება უსინათლო დედის მოვლა-პატრონობას მიუძღვნა.

“მე არ გავთხოვდი, ვერ გადავწყვიტე ოჯახის შექმნა, ჯერ ვსწავლობდი, შემდეგ სხვა რაღაცების გამო შევიკავე თავი, 20 წელია უსინათლო დედას ვუვლი, დრო რომ უკან დაბრუნდეს, ალბათ მაინც არ შევცვლიდი ჩემს გადაწყვეტილებას, თუმცა ახალგაზრდებს ვურჩევ, დაოჯახნდენ და ოჯახი ჰქონდეთ“, - ამბობს ნანული ტოლიაშვილი.

დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ თაობათა შორის ინფორმაციის გაცვლაზე გაამახვილა ყურადღება, “მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ წარმომადგენელმა, ლელა მაზმიშვილმა. მისი თქმით ,მსგავსი სახის შეხვედრები ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

“ქალებმა გაიხსენეს საკუთარ თავზე გადახდენილი ისტორიები, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ძველმა და ახალმა თაობამ ერთმანეთს გაუზიარა ინფორმაცია და უფრო მეტი შეიტყვეს, რა არის ძალადობა, ქალთა მიმართ დისკრიმინაცია და ასე შემდეგ“. -ამბობს ლელა მაზმიშვილი.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ელენე რუსეცკის შეფასებით, ქალებს ძალადობის შესახებ საუბარი უჭირდათ, თუმცა დისკუსიისშედეგად გამოვლინდა, რომ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გადალახვა ყოველდღიურად უხდებათ.
“სექსუალური შევიწროება და დისკრიმინაცია ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზეზია, მაგრამ, ძალიან რთულია ესაუბრო ქალებს ამ თემებზე, როცა მათთვის ყოველდღიური საჭიროებები მოუგვარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ამ თემებზე საუბარი უჭირთ, დისკუსიამ გამოავლინა, რომ ეს პრობლემა არსებობს და ხშირ შემთხვევაში ქალები ამას ძალადობად არ აღიქვამენ".-აღნიშნა რუსეცკიმ.

შეხვედრა ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი უკვე მეოთხე თვეა ახორციელებს. მისი წარმომადგენლის, მარიამ თედლიაშვილის ინფორმაციით, ამავე პროექტის ფარგლებში 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მოაწყობენ, სადაც ქალთა ყოფა-ცხოვრებისა და მათი შესაძლებლობების შესახებ საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები