ახალი ამბები
ხურვალეთის დასახლების საბავშვო ბაღს სიით 14 აღსაზრდელი ჰყავს
შენობაში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთო აბანო მოაწყეს ახლა მცირეწლოვანი ბავშვები დადიან. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ის საბავშვო ბაღად გადაკეთდა და მეორე წელია აღსაზრდელებს მასპინძლობს. საერთო აბანოს კი თავდაპირველი ფუნქციით არასოდეს უმუშავია და აქ დასახლებული დევნილებისთვის შენობა გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღმა 2 აღსაზრდელი მიიღო. მათ ის 2 ადგილი შეავსეს, რომელიც გასულ წელს სასკოლო ასაკის ბავშვებმა დატოვეს. სააღმზრდელო დაწესებულება 9-დან 5-ის ნახევრამდე მუშაობს და მშობლებს ბავშვების საბავშვო ბაღში წასაყვანად უწინდელივით მეზობელ სოფლამდე შორი მანძილის გავლა აღარ უწევთ. საბავშვო ბაღში 6 თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ხურვალეთის დევნილთა დასახლებაშივე ცხოვრობენ.

აღმზრდელების ინფორმაციით შენობა 20 ბავშვზეა გათვლილი, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ჯგუფში 2-3 და 4-5 წლის ასაკის 10-მდე ბავშვი დადის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები