ახალი ამბები
ქარელში დეპუტატ მაკრახიძის ოჯახის კომპანიას დაჯარიმება ემუქრება
კომპანია ,,შარას", რომელმაც სოფელ ზღუდერში ახალი ასფალტი დააგო, დაჯარიმება ემუქრება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

მერის მოადგილის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის თქმით, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა ხარვეზები აღმოაჩინა. ხარვეზების აღმოფხვრის გამო, კომპანიას ობიექტის ჩაბარება დააგვიანდა. მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 10 სექტემბერს უნდა გაფორმებულიყო.

,,არ იყო სერიოზული ხარვეზები. მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გზის გასწვრივ არსებული ბეტონის ღარები, ასფალტის დონესთან შედარებით, დაბლა იყო. პრობლემა მაშინ იქნებოდა, ასფალტის საფარის დონე დაბალი რომ ყოფილიყო. რაც შეეხება დაგვიანებას, დაგვიანების პერიოდი სულ რაღაც 2-3 დღეა." - აღნიშნავს ნუგზარ დაბრუნდაშვილი.

ამ ეტაპზე, კომპანიასა და მერიაში ,,ოპტიმალ გრუპის" ინჟინრების მიერ შედგენილ დასკვნას ელოდებიან. ,,ოპტიმალ გრუპი" საზედამხედველო ორგანიზაციაა.

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დაგვიანების გამო კომპანია ,,შარას" ანაზღაურება ჯერ არ მიუღია. მომუშავე პერსონალს კი, ხელფასები არ მიუღია.

კომპანია ,,შარა" გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ოჯახის წევრებმა დააფუძნეს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები