ახალი ამბები
გორში 82-წლის მძღოლი პატრულის ჯარიმის შემდეგ ცუდად გახდა
გორში მცხოვრებმა, 82-წლის მამაკაცმა დღეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სასამართლო დავა მოუგო და 50-ლარიანი ჯარიმის ქვითარი გააუქმებინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება  მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მიიღო.

მისი განმარტებით (დასაბუთებული გადაწყვეტილების შედგენამდე), პატრულმა ვერ წარმოადგინა მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ,,ოპელის" მძღოლმა შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გაიარა.

შემთხვევა სტალინისა და თამარ მეფის ქუჩის გადაკვეთაზე მოხდა. სადგურის დასახლებიდან მიმავალმა მძღოლმა, სტალინის ქუჩიდან მარცხნივ, დამატებითი სექციის ნიშანზე გაიარა.

,,როგორც კი, გადავკვეთე ხაზი, მაშინვე ჩაქრა მწვანე ისარი. თუმცა ისე დავასრულე მანევრი, რომ საერთოდ მოძრაობა არ შემიფერხებია. მანქანები არც იყო დაძრული. მე-6 სკოლასთან რომ მივედი, მოულოდნელად პატრული მომადგა. მაშინვე გავაჩერე მანქანა, რატომ გავაჩერე მანქანა, მე თვითონაც არ ვიცი. გუმანით მივხვდი. მოვიდა თანამშრომელი და მითხრა, უნდა დაგაჯარიმოთ, წითელზე გამოიარეთო. რომ მითხრა, 50 ლარიანი ჯარიმაო, მაშინვე ცუდად გავხდი. სასწრაფოს მანქანა გამოიძახეს. წნევამ ამიწია. ვინერვიულე. 82-
წლის ვარ, არ მჩვევია მოძრაობის წესების დარღვევა. სხვები რომ გაძვრებიან-გამოძვრებიან, მე ეგეთი არ ვარ. ერთადერთი ჯარიმა დამიწერეს, ღვედზე, იმიტომ რომ მართლა დამავიწყდა გაკეთება და არ გამიპროტესტებია. მაგრამ, ახლა ნამდვილად უსამართლო იქნება ჩემთვის ამხელა თანხის დაკისრება. ძალიან იმოქმედა ჩემზე. თვითონ გამოწერეს ქვითარი და წავიდნენ" - განაცხადა 82-წლის მამაკაცმა. 

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ომან ხუციშვილმა განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოფირი ვერ ამოიღეს. მოსამართლის კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი ვიდეოფირზე ფაქტის დაფიქსირება, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, რადგან ,,ოპელი" და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები ერთმანეთის პირისპირ მოძრაობდნენ - სტალინის გამზრიზე.

გორის სასამართლოში დღეს კიდევ ერთმა მოქალაქემ მოიგო პროცესი. 30-ლარიანი ჯარიმა 1991 წელს დაბადებულმა პირმა გააუქმებინა. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოდან გორისკენ მოძრაობის დროს, მას სახე ხელზე ჰქონდა დაყრდნობილი, რის გამოც, სავარაუდოდ, პატრულის ეკიპაჟმა ჩათვალა, რომ მოქალაქე ტელეფონზე საუბარი. პროცესზე ვერც სატელეფონი საუბრის ამონაწერი წარმოადგინეს და ვერც ვიდეოფირი

Print

სტატიის გამოყენების პირობები