ახალი ამბები
მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად პროცედურები შესაძლოა ორ დღეში დასრულდეს
არასრულწლოვანი შვილების დედის, მაია ოთინაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ცხინვალში პროცედურები შესაძლოა ორ დღეში დასრულდეს. ამის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორში ყოფნისას განაცხადა.

მისი თქმით, დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები აწარმოებენ.

,,ევროკავშირის მისიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს ოჯახთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. დღეს არსებული ინფორმაციით, მაია ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე, ბოლო ინფორმაციით, ცხინვალის მხარე კიდევ ითხოვს ორ დღეს, რათა ეს პროცედურები დასრულდეს" - განაცხადა ციხელაშვილმა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლოს 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მაია ოთინაშვილს წინასწარი პატიმრობა ორი თვის ვადით შეეფარდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. სასამართლო არსებით განხილვას ბევრად ადრე ჩაატარებს.

მაია ოთინაშვილს, ცხინვალის უშიშროების სამსახურმა, ბრალი ადგილობრივი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მიხედვით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) წაუყენა. დაკავებულის დედის, გალინა ქელეხსაევის თქმით, ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას.

37-წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს სოფელ ახალ ხურვალეთში დააკავეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რუსი სამხედროები ოთინაშვილის საცხოვრებელი სახლის ნაკვეთთან იყვნენ ჩასაფრებულები. სამხედროებმა ქალბატონი მისსავე ნაკვეთში დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები