ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა წინაგარელი პენსიონერი ქალი დააკავეს და პენსია ჩამოართვეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბობნევთან (ახალი ხურვალეთი) რუსმა სამხედროებმა პენსიონერი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივებმა სახელმწიფო მინისტრს, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს განუცხადეს.

მათი თქმით, შემთხვევა რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ვიდრე მაია ოთინაშვილს დააკავებდნენ. ქეთევან ციხელაშვილი გუშინ საღამოს ოთინაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.

ბობნეველები (ახალი ხურვალეთი) ამბობენ, რომ პენსიონერი ქალი სოფელ წინაგარაში ცხოვრობს. ამ სოფელს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აკონტროლებს. 

,,წაიყვანეს ეს ქალი, ჯარიმაც გადაახდევინეს და ის ფულიც წაართვეს, რაც აქედან პენსია წაიღო" - უთხრეს ციხელაშვილს ბობნეველებმა. 

მაია ოთინაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ მათ სოფელში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ძირითადად პენსიონერები პენსიის ასაღებად გადმოდიან. გზად კი, ოთინაშვილის ნაკვეთები უნდა გაიარონ. მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევი ამბობს, რომ პენსიონერებს მისი შვილი გადმოსვლას ვერ აუკრძალავდა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი მაია ოთინაშვილს, სწორედ, ამ ხელშეწყობის გამო, ედავება.  37-წლის ქალი 2018 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. 1 ოქტომბერს, უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა მაია ოთინაშვილის საქმის არსებითი განხილვა, ორთვეზე ბევრად ადრე მოხდეს, სავარაუდოა,  რომ ეს პროცედურები ორ დღეში დასრულდესო. მაია ოთინაშვილს 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და აქვს ჯანმრთებლობის პრობლემები. მის გასათავისუფლებად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები არიან ჩართულები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები