თანამდებობრივი სარგოს მიხედვით გორის მაჟორიტარს ხელფასის სახით, 12 თვეში, 24 ათასი ლარი უნდა მიეღო. დანარჩენი 40 ათასი ლარი დანამატ/დანაზოგ/პრემიაა.
ამჟამად, გარდა სახელფასო ანაზღაურებისა, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები თვეში 5 ათასი ლარით ფინანსდება, რაც წელიწადში 60 ათას ლარია. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მუნიციპალიტეტიდან თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული ,,ტოიტოტა ქამრიც" ემსახურება.
რაც შეეხება 2012 წელს (პარლამენტარობის თვეებს: ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერს), 2013 წლის 19 დეკემბერს დეკლარაციის მიხედვით, სოსო ვახტანგაშვილმა 15 ათას 316 ლარი ხელფასის სახით მიიღო. აქედან ათას ხუთას ლარამდე კერძო უნივერსიტეტში ანაზღაურებული თანხაა.
2012 წლის 12 დეკემბრის დეკლარაციის მიხედვით სოსო ვახტანგაშვილს ნაღდი ფულის სახით 15 ათასი ლარი, მისი ოჯახის წევრებს კი, მამას - 20 ათასი, მეუღლეს - 7 ათასი ლარი ჰქონდა. ჯამში - ნაღდი 42 ათასი ლარი. სახელფასო ანგარიშზე (,,ბანკი ქართუ") მხოლოდ 5 ათას 100 ლარი ჩანს.
2013 წლის 19 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით სოსო ვახტანგაშვილს ნაღდი ფულის სახით 20 ათასი ლარი აქვს, მის ოჯახის წევრებს: მამას - 20 ათასი ლარი, მეუღლეს - 7 ათასი ლარი, ჯამში 47 ათასი ლარი. სახელფასო ბარათზე კი 6 900 ლარი ჩანს.
2014 წლის 19 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში, 2013 წლის სახელფასო ნამატი დიდია. ამ ციფრმა როგორც აღვნიშნეთ, 64 ათასი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თამაზ შიოშვილს, პარლამენტარობის პერიოდში მას დეკლარაცია, მხოლოდ, ორჯერ აქვს შევსებული. ჯერ 2012 წლის დეკემბერში და შემდეგ 2013 წლის დეკემბერში. 2014 წლის მისი მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
თამაზ შიოშვილმა 2013 წლის აგვისტოში, თბილისში, წერეთლის გამზირზე მეუღლის საკუთრებაში არსებული ქონება (ბინა 138 კვ.მ, შეძენილი პარლამენტარობამდე) იპოთეკით 40 ათას ლარად დატვირთა თიბისი ბანკში. ხელშეკრულების ვადა 10 წლიანია. ჯამში მიღებული შემოსავლიდან 3 ათასი ლარი სწავლის გადასახადი დაიფარა. ნაღდი ფული კი არ გააჩნია.
2013 წლის დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თამაზ შიოშვილმა გასული წლის (ანუ 2012 წლის)სახელფასო შემოსავალმა 10 ათას 771 ლარი შეადგინა, თითქმის 5 ათასით ნაკლები, ვიდრე ანალოგიური პერიოდის შემოსავალმა სოსო ვახტანგაშვილისა.
ორივე დეპუტატის შემოსავლებში ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ადგილობრივ პარლამენტარებს (2012 წლის შემოსავლებში) აღებული აქვთ 10 ათას ლარზე მეტი. საკანონმდებლო ორგანოს წევრად კი ისინი 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ აირჩიეს, ანუ 2012 წლის დასრულებამდე 3 თვით ადრე.
მერვე მოწვევის პარლამენტის წევრს საკანონმდებლო ორგანოში სოსო ვახტანგაშვილს ხმის მიცემის 687 პროცედურაზე აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან მხოლოდ ერთ კანონპროექტზე წავიდა წინააღმდეგი. ხმის მიცემის 77 პროცედურას კი არ დაესწრო ან ხმა საერთოდ არ მისცა.
რაც შეეხება თამაზ შიოშვილს, ამ მხრივ, მას უფრო მეტ განხილვაზეა აქვს ხმა მიცემული. 740 კანონპროექტიდან ხმა 687-ს მიცა, 3-ზე წინააღმდეგი წავიდა. ისიც მაშინ, როდესაც მისი პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციაში წავიდა და მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტები იხილებოდა. 24 კანონპროექტზე კი არ ესწრებოდა ან ხმა არ მიუცია.
მომდევნო მასალებში ყურადღება გამახვილდება იმ კანონპროექტებზე, რომელზეც გორელ დეპუტატებს მიცემული აქვთ ხმა. სწორედ აღნიშნული დეპუტატების მხარდაჭერით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩამოყალიბდა ისეთი მუხლები, როგორიცაა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან მოხმარება.
ეს ცვლილებები კოდექსში 2014 წლის აგვისტოდან ამოქმედდა, ხოლო გორის რაიონული სასამართლო, მას შემდეგ, 500-500 ლარით დაჯარიმებულ პირთა ქვითრების მიღებას ვეღარ აუდის. ეს ჯარიმები კი ის თანხაა, რომლის საშუალებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილი დიდ მოგებას ნახულობს.
2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტებში (გორში, კასპში და ქარელში) ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა გეგმას გადააჭარბა. ჭარბი შემოსავლის საფუძველზე კი მუნიციპალიტეტში საახალწლო პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს.
ფოტოზე: თამაზ შიოშვილი და სოსო ვახტანგაშვილი
სტატიის გამოყენების პირობები