ახალი ამბები
კარალეთში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება. საპილოტო პროექტის წარმომადგენლები ადგილობრივებს მიმდინარე კვირაში ეტაპობრივად - სარეგისტრაციო ბლოკების მიხედვით შეხვდებიან. პირველი შეხვედრა კარალეთში მერის წარმომადგენლობის შენობაში 10 ოქტომბერს გაიმართება. საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია საპილოტო არეალის მოსახლეობას პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ამოცანებსა და დაგეგმილ აქტივობებს გააცნობს.

კარალეთის არეალში, რომელიც მოიცავს კარალეთს, სათბურის დასახლებას, დიდ და პატარა გარეჯვარს, 989 სარეგისტრაციო ბლოკი და 8000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი მდებარეობს. საველე ტექნიკური სამუშაოები (საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები და საველე ინფორმაციის შეგროვება) კარალეთში უკვე დაიწყო და დღევანდელი მდგომარეობით აზომილია 300 მეტი მიწის ნაკვეთი. საველე სამუშაოების დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსთვის.

პროექტის ფარგლებში მომზადდება მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები, მოხდება მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ. პროექტით დაინტერესებული პირები მიწაზე საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკითხებზე ადგილზევე მიიღებენ კონსულტაციას. ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდგომ მოძიებული ინფორმაცია სამართლებრივად დამუშავდება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კარალეთი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი ხორციელდება გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში: მანგლისში, ჯიმითში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;

მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები